უკრაინისთვის “ლეოპარდის” ტანკების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიას ამ დრომდე არ მიუღია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი მელნიკი გერმანიას პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, უკრაინამ გერმანიას „ლეოპარდის“ ტანკების მიწოდების თხოვნით ომის დაწყებიდან მეშვიდე დღეს მიმართა, ახლა კი ომის 334-ე დღეა და დროა პროცესები დაჩქარდეს.
ტანკების გადაცემის საკითხი, ერთ-ერთი მთავარი იყო „რამშტეინის“ საავიაციო ბაზაზე გამართულ თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზეც, სადაც საკითხზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
„ლეოპარდის“ ტანკების მნიშვნელობაზე საუბრობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი და აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო, მეცხრე შეხვედრა „რამშტაინის“ ფორმატში თებერვალში გაიმართება.