დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება. ბეროზაშვილს მშობლების განზრახ მკვლელობას ედავებიან.
ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2022 წლის 27 აპრილს ხანძარი მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების - ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა.
გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის თვის წარედგინა. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.