ახალი სამხედრო დახმარება უკრაინას შეტევების განხორციელების საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „რამშტაინის” ფორმატში შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ ფაქტს, რომ უკრაინა ჯავშანტექნიკის, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ტანკების ასობით ახალ ერთეულებს მიიღებს, კიევისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება.
სტოლტენბერგის თქმით, ეს დახმარება უკრაინელებს არა მხოლოდ რუსეთის ახალი შეტევებისგან თავდაცვის, არამედ ტერიტორიების დასაბრუნებლად საკუთარი შეტევითი ქმედებების განხორციელების საშუალებას მისცემს.
კითხვაზე, აზარალებს თუ არა გერმანია ევროპულ ერთიანობას რაკი Leopard 2 ტანკების გადაცემაზე თანხმობა ჯერ არ განაცხადა, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ “კონსულტაციები გაგრძელდება”. მან აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან დახმარების ნაირსახეობები ყოველთვის იცვლებოდა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, გერმანია ერთ-ერთი მოკავშირეა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება უკრაინას.
“არტილერია, საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვის სისტემები და ახლა Marder-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები. გერმანია მართლაც არის ძალიან ბევრ სფეროში უკრაინის დახმარების ლიდერი”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.