საგარეჯოში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ თუაშვილმა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმეჯერ გაისროლა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცველი. ასევე დაჭრილია რამდენიმე პირი, მათგან ერთი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ათუაშვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და შესაბამის მკურნალობასაც გადიოდა.
"თავდამსხმელს ვინც თვალში მოხვდა, ყველასთვის იარაღი მიუშვერია. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონია და მკურნალობდა. საკუთარი შვილი მძევლად ჰყოლია აყვანილი, თუმცა სახლიდან გამოპარვა შეძლო. შვილის გარდა სხვა ვინმეც თუ ჰყავდა სახლში, არ ვიცით“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
არსებული ინფორმაციით, ყოფილი სამხედრო წარსულში ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და სვამს რამდენიმე კითხვას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ყოფილი სამხედროების მიმართ დამოკიდებულებას ეხება:
"მოდით საგარეჯოში მომხდარ უმძიმეს დანაშაულზე დავსვათ მთავარი კითხვები:
1. როგორია ყოფილი სამხედროების სოციალური დაცვის გარანტიები. რამდენია მათი პენსია და დასაქმების შესაძლებლობები?!
2. როგორია ყოფილი სამხედროების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის და მხარდაჭერის პროგრამები? ამ პროგრამების ხარისხი და მათში ჩართულობის შედეგები? რას აკეთებენ ამ მიმართულებით სახელმწიფო და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები, ვინც საერთაშორისო მესიებში გზავნიან ამ ადამიანებს?
3. რატომ ჰჰქონდა იარაღი ამ ადამიანს და ამას ვინ და როგორ აკონტროლებს და რატომ ვერ გააკონტროლეს ამ შემთხვევაში?
4. ყოფილი სამხედროს მდგომარეობა და შესაძლო რისკები მასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ იდენტიფიცირებული თავდაცვის სამინისტროს და პოლიციას და რა კეთდებოდა ამის პრევენციისთვის?! სამხედროების სხეულს, ფსიქიკას და მომავალს სახელმწიფოები ეპატრონებიან და ხშირად ართმევენ. ეს ტრავმის მაწარმოებელი სტრუქტურა და რეალობაა.
მათზე გაორმაგებული სოციალური მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი და იქ სადაც ეს სისტემები მოშლილია, ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება დადგეს პირველ რიგში ამ ადამიანებისთვის და ცხადია, მათი ოჯახებისთვის, გარემოცვისთვის და თემისთვის.
სიტყვები არ მყოფნის აღვწერო იმ მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების და პოლიციელის ოჯახებში რა ხდება. როგორი იყო მოკლული ადამიანების დაუცველობის განცდა დღევანდელ თავზარდამცავ ღამეს. დაჭრილ ადამიანებს გადარჩენას და გამოჯანმრთელების ვუსურვებ. ვუსამძიმრებ გადარცვლილების ოჯახებს" - წერს მიქელაძე.