საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის თვითმხილველი პირები სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
გამოკითხვაზე იმყოფება ასევე, იმ ყოფილი სამხედროს შვილიც, რომელმაც მეზობლებსა და პოლიციას ცეცხლი გაუხსნა.
რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას - კორპუსში, სადაც მოქალაქეებზე თავდასხმა განხორციელდა, ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ამ დრომდე ახორციელებენ.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.
ამასთან, როგორც უწყების მორიგ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა. მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.