ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია იმედს არ კარგავს, რომ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოცდილ იტალიელ სპეციალისტს კარლო ანჩელოტის დანიშნავს - ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, ამ საქმეში კი რონალდოს დახმარებას გეგმავს.
როგორც UOL Esporte იუწყება, ბრაზილიური ფეხბურთის ხელმძღვანელობა ახლო მომავალში აპირებს ესპანეთში ჩავიდეს და პირადად ეცადოს მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის გადაბირებას.
არცთუ დიდი ხნის წინ, ანჩელოტიმ განაცხადა, რომ კონტრაქტის ბოლომდე რეალში დარჩენა სურს და ამით, სამხრეთამერიკელები გაანაწყენა, თუმცა, ბრაზილიის კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო როდრიგესი არ ნებდება და ბოლო ინფორმაციით, მადრიდს პირადად ესტუმრება.
შეგახსენებთ, რომ 63 წლის ანჩელოტიმ რეალი მეორედ 2021 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გასულ სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. საერთო ჯამში, იტალიელს საკლუბო დონეზე 24 ტიტული აქვს, ნაკრებში კი არასდროს უმუშავია.
ცნობისთვის, ბრაზილიის ნაკრები თავკაცის გარეშე მას მერე დარჩა, რაც 2022 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ხორვატიასთან მარცხის შემდეგ, წასვლის შესახებ ტიტემ გამოაცხადა.