„ჯადოსნური დროა!“ - სწორედ ამ სიტყვებით იწყებდა ჯეკ ლემონი ყოველ ახალ ფილმზე მუშაობას. ამერიკელი მსახიობი, რომელიც შესრულებული როლების საოცრად ფართო დიაპაზონით გამოირჩეოდა, რადგან ერთნაირად კარგად ირგებდა როგორც სახასიათო, ისე ტრაგიკომიკურ პერსონაჟებს, არა მხოლოდ „ოსკარის“ რვაგზის ნომინანტი და ორგზის გამარჯვებული, არამედ ერთადერთია, ვინც მთავარი და მეორე პლანის როლების შესრულებისთვის მიიღო კინოაკადემიის პრემია, კანის კინოფესტივალის ჟიურიმ კი, ორჯერ (1979 და 1982 წლებში) დაასახელა საუკეთესო მსახიობად.
ასამდე სრულმეტრაჟიან და ტელეფილმში მონაწილეობით ლემონი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი გახდა და „ღვთაებრივი მასხარას“ სახელი შეიძინა. მსოფლიო აღიარება და „ოსკარის“ მორიგი ნომინაცია მსახიობმა ბილი უაილდერის კომედიით „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ მოიპოვა, კინოაკადემიის პრემია კი, ოთხი წლით ადრე დაიმსახურა ჯონ ფორდისა და მარვინ ლეროის ტრაგიკომედიაში „მისტერ რობინსონი“ შესრულებული მეორე პლანის როლისთვის.
1960-იან წლებში ლემონმა, რომლის პერსონაჟები ყოველთვის ნამდვილ ამერიკულ ხასიათს განასახიერებდნენ ეკრანზე, რადიკალურად შეიცვალა ამპლუა, კომედიიდან დრამაში გადაინაცვლა და იმავე წარმატებით გააგრძელა სერიოზული როლების შესრულება. მეორე „ოსკარი“ მსახიობმა ჯონ ევილდსენის ფილმში „გადაარჩინეთ ვეფხვი“ შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა, კარიერის პიკად კი, „მოუსავლიანი მიწისა და უნაყოფო იმედების“ გამყიდველის, ხანდაზმული კომივოიაჟორის როლი იქცა ჯეიმს ფოულის ტრილერში „ამერიკელები“ („გლენგარი გლენ როსი“), რომელმაც ვენეციის კინოფესტივალის ვოლპის თასი მოუტანა.
მსახიობი 2002 წლის 27 ივნისს გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ კი მისი წვლილი კინემატოგრაფიაში ბერლინის საპატიო ‘ოქროს დათვითა“ და „ოქროს გლობუსის“ სპეციალური პრემიით აღინიშნა.
ბილი უაილდერის ექსცენტრიკული კომედია „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ ლემონის თაყვანისმცემელთა საყვარელი ფილმია, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ტონი კერტისთან დუეტში მსახიობმა არაჩვეულებრივად განასახიერა ჯაზ-მუსიკოსი, ვისთვისაც განგსტერებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ქალთა ორკესტრში გაწევრიანება და ფლორიდაში გაქცევაა.
ქალის სამოსში გამოწყობილმა ლემონ-კერტისის წყვილმა მართლაც არაჩვეულებრივი ფილმი შექმნა მერლინ მონროსთონ ტანდემში, რომელიც დღემდე მსოფლიო კინოს საუკეთესო კომედიად ითვლება. მეტიც, სწორედ მომაჯადოებელი დაფნას როლი და იმპროვიზირებული ფრაზა: "ყველას თავისი ნაკლი აქვს", იქცა ლემონის სავიზიტო ბარათად, სცენის გადაღება კი, როცა საკუთარი ნიშნობის შესახებ ატყობინებს მეგობარ ჯო-ჯოზეფინას, უაილდერს თავიდან მოუწია, რადგან ისე გულიანად ხარხარებდა აუდიტორია საცდელ ჩვენებაზე, რომ შეუძლებელი გახდა მსახიობების დიალოგის გაგება. სწორედ მაშინ მოიფიქრა უაილდერმა დაფნას ცეკვა მარაკასებით, რათა მაყურებელს რეპლიკებს შორის პაუზების დროს მოეოხებინა გული სიცილით.
სხვათა შორის, კონტრაბასისტი ჯერის როლზე უაილდერს ფრენკ სინატრას მიწვევა სურდა და მხოლოდ ბილო წუთს გადაიფიქრა ლემონის სასარგებლოდ. მეტიც, სწორედ კომედიით „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ დაიწყო ლემონისა და უაილდერის თანამშრომლობა, რომელიც წლების მანძილზე გაგრძელდა.
კომედია, რომელსაც ორიგინალურ თარგმანში „ვიღაცას უფრო ცხელი უყვარს“ ჰქვია, ბილი უაილდერის მთავარი და განსაკუთრებით საყვარელი ფილმია, რომლის სცენარი ძველ მეგობართან იზი დაიმონდთან ერთად დაწერა რიშარ პოტიეს ფილმის „სიყვარულის ფანფარების“ მოტივებზე. აღსანიშნავია, რომ 1935 წელს საფრანგეთში დადგმული მელოდრამა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 1951 წელს გერმანელმა კურტ ჰოფმანმაც მოინდომა საკუთარი ვერსიის გადაღება. არ ჩამორჩნენ კოლეგებს არც ჰოლივუდელები, რომელთაც 1920-იანი წლების ამერიკას, „მშრალი კანონის“ ეპოქას მოარგეს სახალისო ისტორია და ნამდვილი შედევრი შექმნეს.
მართალია, ფილმი უკვე არსებული ისტორიის მიხედვით დაიდგა, მაგრამ ერთიანი სცენარის დაწერა მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა, რამაც უაილდერს პირდაპირ გადასაღებ მოედანზე აიძულა დეტალების დამუშავება და რამდენიმე ეპიზოდის შეცვლა.
სხვათა შორის, სახელი ფილმმა საბავშვო სიმღერის "ცხელი შვრიის ფაფის" წყალობით შეიძინა, რომლის მისამღერი „ვიღაცას უფრო ცხელი უყვარს, ვიღაცას ცივი, ვიღაცას კი, თიხის ქოთნით ურჩევნია“ უაილდერმა მეტად ორიგინალურად გამოიყენა, როცა ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში გააჟღერა კერტისისა და მონროს დიალოგში.
ჯეკ ლემონთან დამეგობრების შემდეგ, უაილდერმა მასშტაბური კასთინგი მოაწყო მისი პარტნიორის - საქსოფონისტი ჯოს როლის შემსრულებლებზე და მხოლოდ მრავალრიცხოვანი პრეტენდენტების დაწუნების შემდეგ შეარჩია ტონი კერტისი, რომელიც დიდხანს ორჭოფობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც აზარტმა სძლია, რადგან როგორც აღმოჩნდა თვითონაც „ძალიან აინტერესებდა როგორი იქნებოდა ქალად რომ დაბადებულიყო“.გადაღებების დაწყებამდე ლემონმა და კერტისმა მცირე ექსპერიმენტი ჩაატარეს და ქალის სამოსში გამოწყობილებმა ჯერ კინოსტუდიის პავილიონებში გაისეირნეს, მერე ქალბატონების საპირფარეშოში შეიარეს, თუმცა მათი ამოცნობა ვერავინ შეძლო.
სხვათა შორის, ქალის ფეხსაცმლით სიარულის სასწავლებლად კინოსტუდიამ პროფესიონალი მოცეკვავე-ტრანსვესტიტიც კი დაიქირავა ჰოლივუდის ერთ-ერთი ბარიდან, რომელმაც რამდენიმე დღეში დახვეწა კერტისის სიარულის მანერა, ლემონს კი ვერაფერი მოუხერხა, რაზეც მსახიობმა თავი იმართლა და განაცხადა, რომ ბევრად სასაცილო იქნებოდა, თუ მისი პერსონაჟი მოუხერხებელ მამაკაცად დარჩებოდა, რომელიც მხოლოდ ეცდებოდა დამსგავსებას ქალს.
ამასთანავე, კერტისს და ლემონს სხვებზე ბევრად ადრე უწევდათ სტუდიაში მისვლა, რადგან გრიმიორები თითქმის ოთხ საათს ხარჯავდნენ მათ „შელამაზებაზე“. სხვათა შორის, თავიდან ფილმის ფერად ფირზე გადაღება იგეგმებოდა, თუმცა ეკრანული ტესტირების შემდეგ იმდენად გამომწვევი და არაბუნებრივი აღმოჩნდა დაფნასა და ჯოზეფინას გრიმი, რომ უაილდერმა უარი თქვა მათ „გაფერადებაზე“.
აღსანიშნავია, რომ უაილდერის კომედია მნიშვნელოვან, ერთგვარ გარდამავალ ფილმად იქცა ჰოლივუდში, რადგან სწორედ მისით აღინიშნა სტუდიური სისტემიდან დამოუკიდებელი პროდიუსირების მოდელზე გადასვლა. ამასთანავე, ფილმში მრავლად მოხვდა 1950-იანი წლების მორალური კოდექსისთვის მიუღებელი რეპლიკები და სიუჟეტური სვლები. მეტიც, სექსუალური ქვეტექსტის გამო ცენზურამ მკაცრად გააკრიტიკა ფილმი, რომელიც აბსოლუტურად არ შეეფერებოდა ტრადიციულ ზნეობრივ ნორმებს, თუმცა, უაილდერის კომედიამ ყველა სირთულე დაძლია და არა მხოლოდ გაქირავებაში მოხვდა, არამედ სრულიად ახალი მორალური სტანდარტები დამკვიდრდა ამერიკულ კინოში.
ფილმმა მეტწილად დადებითი შეფასება დაიმსახურა. კრიტიკოსებმა პირველ რიგში ჟანრების მსუბუქი მონაცვლეობა და1930-იანი წლების განგსტერულ ფილმებზე სახალისო პაროდია, რეჟისურა და მსახიობთა თამაში მოიწონეს, თუმცა ნაკლებად დამაჯერებლად მიიჩნიეს სცენარი ზედმეტი დრამატიზმისა და ეპატაჟის გამო.
უკმაყოფილება გამოთქვეს პროდიუსერებმაც, რომელთაც ერთის მხრივ, მერლინ მონროზე ყურადღების გამახვილება, მეორეს მხრივ, ფილმის შემოკლება მოსთხოვეს უაილდერს, რადგან მათი აზრით, კარგი კომედიის შესაქმნელად 90 წუთიც საკმარისი იყო. მართალია, რეჟისორი კამათის გარეშე დათანხმდა მათ მოთხოვნას, მაგრამ მხოლოდ 15-წამიანი ეპიზოდი ამოჭრა ფილმიდან.
მართალია, დღეს ფილმი წარმოუდგენელია მერლინ მონროს გარეშე, მაგრამ თავიდან უაილდერი საერთოდ არ განიხილავდა მის კანდიდატურას, რადგან მხოლოდ ოდრი ჰეპბერნისა ან ელიზაბეტ ტეილორის ხილვა სურდა სექსუალური „შუგერის“ როლში, თუმცა პროდიუსერებმა სწორედ მონროს დაქირავება აიძულეს, რითაც ძალიან გული დასწყვიტეს, რადგან კარგად იცოდა, რამდენად რთული იქნებოდა მასთან მუშაობა.
მსახიობთან თანამშრომლობის მწარე გამოცდილება უაილდერმა ფილმის "მეშვიდე წლის ქავილის" გადაღებებზე შეიძინა, თუმცა მაინც ვერ თქვა უარი, რადგან იცოდა, რომ სწორედ მონროს სახელი მოუტანდა ფილმს კომერციულ წარმატებას. უაილდერმა სცენარის მოკლე მონახაზი გაუგზავნა მონროს, მაგრამ მსახიობი, რომელიც „ბრიყვი ქერათმიანი ქალის“ ამპლუისგან განთავისუფლებას ცდილობდა, საშინლად უკმაყოფილო დარჩა, რადგან ძალიან არ უნდოდა მორიგი თავქარიანი ქალის განსახიერება, მით უფრო, რომ სამსახიობო ოსტატობის კურსის გავლის შემდეგ დარწმუნებული იყო, რომ ბევრად რთული და დრამატული როლის შესრულებაც შეეძლო. მონრომ მხოლოდ მეუღლის, ცნობილი დრამატურგის არტურ მილერის წყალობით დათმო, რომელმაც დაარწმუნა, რომ „შუგერის“ როლი სახალისო, ფილმი კი, აუცილებლად წარმატებული იქნებოდა.
მონრო, რომელიც სისტემატურად აგვიანებდა გადაღებებზე, ზოგჯერ საერთოდ უარს ამბობდა საგრიმიოროდან გამოსვლაზე. განსაკუთრებით რთული მსახიობისთვის დიალოგის სცენები აღმოჩნდა, რადგან მუდმივად ავიწყდებოდა ტექსტი და მხოლოდ სუფლიორის კარნახით ახერხებდა რეპლიკების გამეორებას.
ერთ-ერთი სცენის გადაღებას, რომელშიც მონრო მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ამბობს, მთელი 47 დუბლი დასჭირდა, რადგან ვერაფრით დაიმახსოვრა სიტყვების თანამიმდევრობა, თუმცა ყველაზე რთული მაინც ბურბონის ძებნის ეპიზოდი აღმოჩნდა, რომელმაც მხოლოდ 59-ე დუბლით გაამართლა. მომქანცველ გადაღებებს მსახიობის სასოწარკვეთაც დაემატა, რადგან ყოველი სცენის შემდეგ განწყობა უფუჭდებოდა და ცრემლებად იღვრებოდა, გრიმიორს კი, თავიდან უხდებოდა მაკიაჟის გაკეთება.
გავრცელებული ხმების თანახმად, ფილმზე მუშაობისას მონრო ორსულად იყო და რამდენიმე ეპიზოდში უაილდერს მისი დუბლიორით ჩანაცვლებაც კი მოუხდა, თუმცა არსებობს ვერსიაც, თითქოს მსახიობი, რომელმაც სერიოზული ფსიქოლოგიური კრიზისი გადაიტანა, თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მოხვდა კლინიკაში. სწორედ ამიტომ გაიჭიმა ფილმზე მუშაობა, რამაც თავის მხრივ გაუთვალისწინებელი ხარჯი და ბიუჯეტის ზრდა გამოიწვია, თუმცა ზარალში მაინც არავინ დარჩა, რადგან 2,8-მილიონიანი ბიუჯეტის ფონზე ფილმმა მთელი 25 მილიონი დოლარი მოაგროვა.
ფილმის პრემიერა ნიუ-იორკში, Loew’s State Theatre-ში მოეწყო. ბროდვეი მერლინ მონროს თაყვანისმცემლებით გაივსო, რამაც მოძრაობის რამდენიმესაათიანი პარალიზება გამოიწვია, თავად მსახიობი კი კინოთეატრში სახანძრო მანქანით მივიდა და ნამდვილ სენსაციად აქცია პრემიერა.
მართალია, უაილდერის ნამუშევარმა მაყურებელი აღაფრთოვანა, მაგრამ ძალიან გაუჭირდა კინოაკადემიკოსების გულის მოგება, რომელთაც მხოლოდ ერთი „ოსკარი“ გაიმეტეს ფილმისთვის საუკეთესო კოსტიუმების ნომინაციაში, 1959 წლის ტრიუმფატორად კი, უილიამ უაილერის "ბენ ჰური" აქციეს, რომელიც 11 პრემიით დააჯილდოვეს.
„ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“ მხოლოდ მოგვიანებით დაფასდა ჯეროვნად, როცა კინოხელოვნების ამერიკულმა კინოინსტიტუტმა ყველა დროის საუკეთესო კომედიად დაასახელა. თავისი წილი პოპულარობა მოიპოვა კომპოზიციამაც I Wanna Be Loved by You, რომელიც სწორედ მერლინ მონროს შესრულებით იქცა ჰიტად.