ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის, 4.37 მლრდ დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე, ანუ 2.35 მლრდ დოლარზე თითქმის 86%-ით მეტია.
გასაკვირი არაა, რომ წელს ყველაზე დიდი ოდენობით თანხა, 2.07 მლრდ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს, 402.6%-ით აღემატება. რუსეთის შემდეგ ტოპ-5 გადმომრიცხავის სიაში 431 მილიონით იტალიაა, შემდეგ აშშ 327 მილიონით, საბერძნეთი 224 მილიონით და ისრაელი თითქმის 200 მილიონით.
რაც შეეხება გადარიცხვებს, წელს ქვეყნიდან 41.2 მილიონი დოლარი გავიდა, ძირითადი დანიშნულების ადგილები კი თურქეთი, უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი და საბერძნეთი არიან.
მხოლოდ დეკემბერში საქართველოში 535.3 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილები შემოვიდა, რაც თვიურ ჭრილში რეკორდული მაჩვენებელია - ამდენი თანხა ერთი თვის განმავლობაში საქართველოში არასდროს გადმოურიცხავთ. გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელი 2.7%-ით აღემატება ნოემბრის მაჩვენებელს, ხოლო 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 133.2%-ით.
დეკემბერშიც რეკორდული იყო გზავნილები რუსეთიდან, საიდანაც ყველაზე დიდი ოდენობით თანხა შემოვიდა ქვეყანაში - 317.3 მლნ. ეს რიცხვი გასული 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 699.2%-ით აღემატება.