საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური რამდენიმე დღის დაგვიანებით მოსამართლე გიორგი არევაძის განჩინებას დათანხმდა და ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ და ციხის საავადმყოფოში ყოფნის ვიდეო მასალებს გადასცემს.
როგორც ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, სპეციალური პენიტენციური სამსახური უფლებადამცველებს ვიდეო მასალებს ხვალ გადასცემს.
„დღეს დასვენების დღეა და სწორედ აქედან გამომდინარე, ხვალ უნდა გადმოგვცენ ვიდეო ჩანაწერები, რომელიც მოიცავს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების დღიდან 14 დეკემბრის ჩათვლით მის პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის ამსახველ კადრებს. პირველ რიგში, პენიტენციური სამსახურის მიერ გადმოცემულ კადრებს შევისწავლით, დავათვალიერებთ და თუ ჩვენთვის სასარგებლო მტკიცებულებები იქნება, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარვადგინოთ აღნიშნული მასალა“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისივე თქმით, 20 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი, თუ რომელი მოწმეები დაიკითხებიან.
„რაც შეეხება ხვალინდელ სასამართლო პროცესს, ხვალ ვინ დაიკითხება უშუალოდ სასამართლო დარბაზში გავაჟღერებთ, მანამდე არა. დარჩენილია ქართველი, ინგლისელი და გერმანელი მოწმეების გამოკითხვა“,- აღნიშნა ადვოკატმა.