რა თქმა უნდა, გასული წლის 8 სექტემბერი უმნიშვნელოვანეს თარიღად იქცა მსოფლიო ისტორიაში, რადგან ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალებით მართლაც უმნიშვნელოვანესი ეპოქა დასრულდა. „ლონდონის ხიდი ჩამოინგრა!“ - სწორედ ამგვარი კოდური ფრაზით შეატყობინეს პრემიერ-მინისტრსს ლიზ თრასს ბრიტანეთის ყველაზე ხანდაზმული მონარქის გარდაცვალების შესახებ, რომლის ადგილი მისმა შვილმა დაიკავა.
მართალია, ახალი მონარქი ჩარლზ მესამე, რომლის კორონაცია ოფიციალურად 2023 წლის 6 მაისს გაიმართება, მთელი 70 წელი ელოდა სამეფო გვირგვინისა და შესაბამისი პრივილეგიების მიღებას, რაც ერთგვარ რეკორდად იქცა, რადგან მის წინაპარს ედუარდ მეშვიდეს მხოლოდ 60 წელი დასჭირდა ამავე ტიტულის მოსაპოვებლად, მაგრამ საზოგადოება მანამდეც კარგად იცნობდა ტახტის მემკვიდრეს. მეტიც, ექსპერტების ნაწილისთვის ჩარლზი მხოლოდ სკანდალებთან ასოცირდება, ნაწილი კი, სწორედ მისი მმართველობის პერიოდში წინასწარმეტყველებს სამეფო გვირგვინის დასუსტებას.
ჩარლზ ფილიპ არტურ მაუნთბატენ-უინძორი 1948 წლის 14 ნოემბერს დაიბადა ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში. სხვათა შორის, სანამ ბრიტანეთი მოქმედი მონარქის გეორგ მეექვსის პირველი შვილიშვილის დაბადებას ელოდა, მანამდე მისი მამა, ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი პირად მდივანთან ერთობოდა სკვოშის თამაშით.
პრინცის დაბადება მართლაც გრანდიოზულად - 41 საარტილერიო ზალპით, ვესტმინსტერის სააბატოს ზარების რეკვით და ტრაფალგარის მოედნის ილუმინირებით აღინიშნა, მეზღვაურებმა კი, ახალშობილის პატივსაცემად რომის ორმაგი ულუფა მიიღეს.
სამეფო ტახტის მემკვიდრე ჩარლზი სამი წლის ასაკში გახდა, ბაბუის გარდაცვალების და დედის დედოფლად კურთხევის შემდეგ. ამბობენ, თითქოს ბრიტანეთის მონარქი ცნობილი ვამპირის - დრაკულას პროტოტიპის - ვლად მესამე ცეპეშის შორეული შთამომავალია, რადგან ელისაბედ მეორეს ბებია ვლახეთის მმართველის შვილიშვილი იყო.
ჩარლზმა, რომელმაც თითქმის მთელი ცხოვრება მემკვიდრის სტატუსით გაატარა, 2009 წელს დაძლია ედუარდ მეშვიდეს რეკორდი და 61 წლის ასაკში გახდა ყველაზე ხანდაზმული ბრიტანელი პრინცი. აღსანიშნავია, რომ 1952 წელს, როცა მისი დედა, ელისაბედ მეორე იკურთხა დედოფლად ფორმალურად ჩარლზმაც მიიღო მემკვიდრე პრინცის სტატუსი, თუმცა ინვესტიტურის ცერემონია მხოლოდ 1969 წელს ჩატარდა, როცა დედოფალმა ოფიციალურად უბოძა შვილს უელსის პრინცის ტიტული.
ახალშობილი ჩარლზი ელისაბედ მეორის და ედინბურგის ჰერცოგის პრინც ფილიპის პირველი შვილი და შესაბამისად სამეფო გვირგვინის პირველი მემკვიდრე გახდა. ამასთანავე, მომავალი მონარქი სამეფო ოჯახის პირველი წარმომადგენელია, ვინც განათლება არა სასახლეში მრავალრიცხოვანი გუვერნიორების წყალობით, არამედ საჯარო სასწავლებლებში მიიღო. მცირეწლოვანი ჩარლი ჯერ ნაითსბრიჯში, ჰილ-ჰაუსის საშუალო სკოლაში სწავლობდა, სადაც სხვა მოსწავლეებთან ერთად ავტობუსით მგზავრობდა, მერე ჰემპშირის ჩიმის სკოლაში ჩააბარა, რომელი მისმა მამამ დაამთავრა, უკვე მოზარდმა კი, მელბურნისა და გორდონსთოუნის შოტლანდიურ სკოლებში მიიღო განათლება.
საშუალო სკოლის მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი ატესტატით დასრულების შემდეგ უელსის პრინცი კემბრიჯის უნივერსიტეტის ტრინიტი-კოლეჯში ჩაირიცხა, სადაც არქეოლოგია, ანთროპოლოგია შეისწავლა და ჯერ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის, მერე მაგისტრის ხარისხი მიიღო, აბერისტუიტის უნივერსიტეტში კი, ვალიური ენის სწრაფი კურსი გაიარა და არა მხოლოდ პირველი დიპლომირებული უინძორი, არამედ პირველი უელსის პრინცი გახდა, ვინც ვალიური ენის შესწავლა გადაწყვიტა. გარდა ამისა, 1971 წელს ჩარლზი სამეფო ოჯახიდან პირველი დაესწრო მინისტრთა კაბინეტის სხდომას, რაც მანამდე პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო.
მგრძნობიარე, ასაკთან შედარებით ბევრად განვითარებული ჩარლი, რომელმაც თავად უინსტონ ჩერჩილიც კი აღაფრთოვანა საკუთარი გონიერებით, საოცრად კეთილი, ხელგაშლილი ბავშვი იყო და ძალიან უყვარდა კლასელებისთვის ტკბილეულის განაწილება, თუმცა ხშირად იჩაგრებოდა, რადგან თანატოლები პატარა პრინცს დიდი ყურების გამო დასცინოდნენ. მართალია, გრაფ მაუნთბეტენის რჩევით მშობლებმა ქირურგიული მეთოდითაც კი სცადეს ჩარლის ყურების „შელამაზება“, მაგრამ ოპერაციამ არ გაამართლა, რამაც პრინცს საკუთარ ნაკლს შეგუება აიძულა.
მცირეწლოვან ჩარლის ჯერ ბრწყინვალე მუსიკალური სმენა, მერე ხატვის არაჩვეულებრივი ნიჭი აღმოაჩნდა, რითაც ნაკლებად ხასიათდებოდნენ წინაპარი უინძორები. აღსანიშნავია, რომ ხელოვნება პრინცს ბებიამ, დედა-დედოფალმა ელისაბედ ბოუზ-ლაიონმა შეაყვარა. მეტიც, თავად ჩარლზის განცხადებით, „მშობლები ყოველთვის გულგრილად უყურებდნენ მის გატაცებას, ბებიამ კი პირიქით, ყველა წვრილმანში სილამაზის დანახვა ასწავლა“.
ჩარლზი დამოუკიდებლად შეეცადა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას და სასურველ შედეგსაც მიაღწია. 1977 წელს პრინცის ნამუშევრები პირველად გამოიფინა უინძორის სასახლის საგამოფენო დარბაზში, 2016 წელს კი, გაზეთმა The Daily Telegraph-მა „ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული თანამედროვე ბრიტანელ მხატვრად“ დაასახელა, რადგან 1997-2016 წლებში მთელი 2 მილიონი ფუნტი სტერლინგი იშოვა საკუთარი ნამუშევრებით, რომელიც ქველმოქმედებას, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის ფონდებს შესწირა.
ბიოგრაფიული წიგნის „მონარქი: ჩარლზ მესამის ცხოვრება“ ავტორი კრისტოფერ ანდერსენის განცხადებით, ჩარლზი ზრდასრულ ასაკშიც ვერ შეელია საყვარელ სათამაშოს - პლუშის დათუნიას, მასთან „თამაშის“ უფლებას კი მხოლოდ ყოფილ ძიძას მეიბლ ანდერსონს აძლევს, ვისთანაც ხანდაზმული ასაკის მიუხედავად მეგობრობას და საოცრად თბილ ურთიერთობას ინარჩუნებს, „სათამაშოს შესაკეთებლად ყოველთვის მეიბლს იძახებდნენ, რომელიც ისეთი სიფრთხილით და მზრუნველობით ეპყრობოდა დათუნიას, თითქოს საკუთარ აღზრდილს უკეთებდა ოპერაციას“, - გაიხსენა ავტორმა საკუთარ წიგნში.
1975 წელს მაგიის მოყვარული ჩარლი ილუზიონისტთა ბრიტანულ კლუბში „ჯადოსნურ წრეში“ გაწევრიანდა. მართალია, ოფიციალურად უელსის პრინცი ჩაით სავსე ფინჯნის გაქრობის შემდეგ აღიარეს „მაგიის მაგისტრად“, მაგრამ სინამდვილეში, მისი მიღებაც წინასწარ გადაწყდა და სერტიფიკატიც ბევრად ადრე გადაეცა.
მრავალრიცხოვანი გატაცებების შემდეგ მონარქმა ლიტერატურაშიც მოსინჯა შესაძლებლობები და 1980 წელს საბავშვო წიგნი „მოხუცი ლოჰნაგარიდან“ გამოსცა, რომელშიც ბავშვობაში მოსმენილ ისტორიებს მოუყარა თავი, 1989 წელს კი, ბევრად სერიოზული ნაშრომი „ბრიტანეთის სახე: პირადი შეხედულება არქიტექტურაზე“ გაუშვა და რამდენიმე დოკუმენტური ფილმის სცენარზეც იმუშავა.
კემბრიჯის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პრინცი სამხედრო-საზღვაო კოლეჯში ჩაირიცხა, საესკადრო ნაღმოსანზე „ნორფოლკზე“ გაიარა სამხედრო სამსახური და რამდენიმე რეიდიც განახორციელა წყნარ ოკეანეში. მართალია, 2 წლის შემდეგ მომავალმა მონარქმა საზღვაო ძალების კაპიტნის წოდებით დაასრულა სამხედრო სამსახური, მაგრამ საკუთარი სურვილით გაიარა ვერტმფრენისა და გამანადგურებლის პილოტის კურსები. დღეს ჩარლზ მესამე ავიაციის მარშლის, ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ადმირალის წოდებით სარგებლობს და არა მხოლოდ 20-მდე სამხედრო პოლკს კურირებს, არამედ გაერთიანებული სამეფოსა და თანამეგობრობის 2 სამხედრო-საზღაო ფორმირებასაც უწევს პატრონაჟს.
ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებით ჩარლზი 1970-იან წლებში დაინტერესდა, როცა პირველად დაესწრო მთავრობისა და ლორდთა პალატის სხდომას, 2000-იანი წლების დასაწყისში კი, ელისაბედ მეორისგან გადაიბარა მონარქის უფლებამოსილებათა ნაწილი და მის ნაცვლად დაესწრო თანამეგობრობის სამიტს, რომელსაც 2018 წელს მემკვიდრეობითობის პრინციპით, დედის ნაცვლად ჩაუდგა სათავეში.
მსგავსი აქტიურობის გამო პრინცს ხშირად ადანაშაულებენ პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში. მართალია, პროტოკოლით პრემიერ-მინისტრები რეგულარულად სტუმრობენ ბუკინგემის სასახლეს მიმდინარე საკითხების განსახილველად, მაგრამ მხარეები არასდროს ახმაურებენ საუბრის შინაარს, ახლა კი, ექსპერტები შიშობენ, რომ „დუმილის რეჟიმი“ დაირღვევა, რადგან პრინცს ძალიან ჭირს პოლიტიკური კომენტარებისგან თავის შეკავება. ასე მოხდა 2014 წლის ზაფხულშიც, როცა ჯერ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დევიდ ბლანკეტმა განაცხადა ზეწოლის შესახებ, მერე თავად პრინცი ჩაება საჯარო დებატებში, რადგან ძალიან უნდოდა პირადად შემუშავებული რეფორმების განათლების, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სფეროში განხორციელება.
მონარქი, რომელიც 400-ზე მეტ საქველმოქმედო და კულტურულ ორგანიზაციას მეურვეობს „წითელი ჯვრის“ ბრიტანული განყოფილებისა და ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ჩათვლით, 1976 წელს საქველმოქმედო ფონდი The Prince’s Trust დააარსა, რომელიც განათლების, დასაქმების, მეწარმეობის პროგრამებს კურირებს და მეტწილად 11-30 წლის ბრიტანელებს ეხმარება ცოდნის მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. აღსანიშნავია, რომ თითქმის 50-წლიანი არსებობის მანძილზე ფონდმა მილიონზე მეტ ადამიანს შეუწყო ხელი სამსახურის მოძიებასა და კარიერის განვითარებაში. მასვე ეკუთვნის 15 საქველმოქმედო ორგანიზაციაც, რომელთა მთავარ მიზანს გარემოს დაცვა და ურბანული პირობების სრულყოფა წარმოადგენს.
ბრიტანეთის კულტურული მემკვიდრეობის თავგამოდებულ დამცველს, ძველმოდურ ჩარლზს ყველაფერი ტრადიციული მოსწონს და ნაკლებად იზიარებს სიახლეებით აღფრთოვანებას. სწორედ ამიტომ გამოუცხადა ომი ცნობილ კომპანიას Ahrends, Burton & Koralek-ს, რომელმაც ლონდონის პორტრეტების ნაციონალური გალერეის გაფართოება და სერიოზული რეფორმირება მოინდომა, თუმცა ჩარლზის მკვახე განცხადებების შემდეგ, უარი თქვა საკუთარ ინიციატივაზე.
1974 წელს უელსის პრინცი, რომელიც ახალგაზრდობიდანვე ლოველასის რეპუტაციით სარგებლობდა, პირველად გაება სკანდალში, როცა სერიოზული რომანი გააბა კამილა შანდთან (პარკერ-ბოულზთან). პრესამ სწრაფად მოიძია კომპრომატი გვირგვინოსანი მემკვიდრის რჩეულზე და ბევრ საინტერესოსაც მიაგნო, თუმცა ძიების გარეშეც გასაგები იყო, რომ დედოფალი არასდროს დათანხმდებოდა მათ ქორწინებას. მართალია, შეყვარებულები დაშორდნენ, თუმცა მხოლოდ დროებით, რათა წლების შემდეგ ისევ დაბრუნებოდნენ ერთმანეთს და აუცილებლად სკანდალით.
1981 წელს ჩარლზმა დიანა სპენსერზე იქორწინა, რომელმაც არა მხოლოდ ბრიტანელებს შეაყვარა თავი, არამედ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა და „ადამიანების გულების დედოფლის“ ტიტული დაიმსახურა. მართალია, წყვილს ორი შვილი ეყოლა, მაგრამ ზღაპრული ქორწინება მაინც ხანმოკლე აღმოჩნდა, მით უფრო, რომ პრესამ არაერთხელ მიანიშნა, ჩარლზისა და კამილას განახლებულ ურთიერთობაზე, რომელსაც რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ძალიან მოჰბეზრდა მეუღლის ღალატი.
1992 წელს დიანამ და ჩარლზმა დაშორება გადაწყვიტეს, რის შესახებაც თავად პრემიერ-მინისტრმა ჯონ მეიჯორმა განაცხადა გავრცელებული მითქმა-მოთქმის აღსაკვეთად, თუმცა, მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, რამაც ჩარლზს საჯაროდ სიმართლის თქმა და აღიარება აიძულა, რომ მართლაც ჰქონდა რომანი ყოფილ საყვარელთან.
მეუღლეებმა 1996 წელს გააფორმეს განქორწინება ოფიციალურად. დიანამ პრინცესას ტიტულთან ერთად ბრიტანელების უანგარო სიყვარულიც შეინარჩუნა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ დაიღუპა ავტოკატასტროფაში, პრინცი კი, რომელიც ამჯერად ყოფილი მეუღლის სიკვდილში დაადანაშაულეს, მორიგ სკანდალში გაეხვა და პრაქტიკულად მთელი ოჯახის ნაცვლად მოუწია თავის მართლება.
მართალია, ერთადერთ ნამდვილ სიყვარულზე ჩარლზმა 2005 წელს იქორწინა, მაგრამ პრინცესას ნაცვლად კამილამ მხოლოდ კორნუოლის ჰერცოგინიას ტიტული მიიღო, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, დედოფალმა შვილისთვის საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა და საჯარო გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახლად შეძენილი რძლისთვის არა პრინცესა-კონსორტის, არამედ დედოფალ-კონსორტის ტიტულის მინიჭებას გეგმავდა, რაც ჩარლზის მონარქობის შემთხვევაში მის მეუღლეს თანასწორ სოციალურ სტატუსს უზრუნველყოფდა.
1997 წელს გამოცემამ Mail on Sunday-მ უელსის პრინცი მორიგ სკანდალში გააბა, როცა მისი დღიურიდან ჰონგკონგში ვიზიტის შთაბეჭდილებები გამოაქვეყნა. ჩარლზმა საკმაოდ უხეშად მოიხსენია ჩინელი დიპლომატები, „რომელთაც საზიზღარი ბებერი ცვილის საფრთხობელები“ უწოდა, ბევრი იწუწუნა ადგილობრივი მედიის პროპაგანდაზე, ოფიციალური ღონისძიებები კი, „მოძველებულ საბჭოურ საჩვენებელ შოუებს“ შეადარა. პრესის თავხედობით გაღიზიანებულმა პრინცმა გამოცემის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოიგო კიდეც, რადგან როგორც აღმოჩნდა დღიურიდან ფრაგმენტების გამოქვეყნებით სტატიის ავტორებმა საიდუმლოს დაცვის ვალდებულება და საავტორო უფლებები დაარღვიეს.
გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, ჩარლზი განსაკუთრებით ახალგაზრდობაში გამოირჩეოდა ფიცხი და ფეთქებადი ხასიათით. გავრცელებული ხმების თანახმად, ზრდილობიანად მიმართვის ნაცვლად, პრინცი ყოველთვის უხეშად ელაპარაკებოდა მომსახურე პერსონალს და არც შეურაცხყოფას ერიდებოდა. ყოფილი კამერდინერის კენ სტრონაკის განცხადებით კი, კამათის დროს ჩარლზმა ფეხსაცმელიც კი ესროლა ყოფილ მეუღლეს, პრინცესა დიანას, რომელიც ბეწვზე გადაურჩა სერიოზულ ტრავმას.
თუმცა, ჩარლზის ისტერიკის მოწმე არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ მეგობრებიც ხშირად ხდებოდნენ. ერთ-ერთან სტუმრობისას უელსის პრინცმა ჯერ ერთი ფანჯარა ჩაამტვრია მთელი ძალით მოქნეული სკამით, მერე მეორე, რადგან როგორც აღმოჩნდა, ჟანგბადის უკმარისობით შეწუხებულმა სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მოინდომა, ფანჯრის გაღება კი შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩარლზის ქცევაზე თავის მართლება სამეფო ოჯახის პრეს-მდივანს არტურ სთოუნს მოუწია, რომელმაც მორცხვად განაცხადა, რომ „პრინცი ყოველთვის სასურველის მიღებასაა მიჩვეული და სხვანაირად ვერ წარმოუდგენია“.
მონარქს საუზმის სერვირების წესიც მეტად სპეციფიური აქვს. ლანგარზე ფინჯნის მარჯვენა მხარეს აუცილებლად ვერცხლის კოვზი უნდა იყოს, რომლის გარე მხარის დახრილი კუთხე 5 საათზე მიანიშნებს, კარაქს მხოლოდ ცივს და სამი მცირე ზომის ბურთულით მიირთმევს, სამეფო ტოსტი ყოველთვის კონკილაზე დევს და არა თეფშზე, მრავალფეროვანი ჯემები, მარმელადი, ჟელე და თაფლი კი, ცალკე ვერცხლის ლანგარზეა მოთავსებული.
გურმან მონარქს ყველგან თან დაჰყავს პირადი შეფ-მზარეულიც, რომელიც არა მხოლოდ შორეულ მოგზაურობაში, არამედ რესპექტაბელურ წვეულებაზეც პერსონალურად მისთვის ამზადებს კერძებს. მონარქის კიდევ ერთ უჩვეულო ახირებად იქცა კვადრატული ყინულის სიძულვილი, რადგან როგორც აღმოჩნდა, კუბიკები საშინელ ხმას გამოსცემენ და გამაღიზიანებლად ტკაცუნობენ, ამიტომ პირად მზარეულს ყინულის ფორმაც ყოველთვის თან აქვს.
თავის დაცვა მოუწია პრინცს 2021 წელსაც, როცა რძალმა, მეგან მარკლიმ სკანდალურ ინტერვიუში დაადანაშაულა რასიზმში. როგორც აღმოჩნდა, ჩარლზი ჯერ არ დაბადებული შვილიშვილის კანის ფერით დაინტერესდა, რითაც ირიბად მიანიშნა მარკლის წარმომავლობაზე. მართალია, უელსის პრინცის პრეს-სამსახურმა სკანდალის მიჩქმალვა სცადა, მაგრამ პრესამ მაინც არ აპატია მომავალ მონარქს არაპოლიტკორექტული გამონათქვამები.
2007 წელს ჰარვარდის სამედიცინო სკოლამ ჩარლზს გლობალური ეკოლოგიური მოქალაქის ჯილდო გადასცა, 2012 წელს კი, ეკვადორის მდინარის ბაყაყმა შეიძინა მის პატივსაცემად Hyloscirtus Princecharlesi-ს სახელი, რადგან როგორც აღმოჩნდა, სხვებზე მეტად სწორედ უელსის პრინცი ცდილობდა გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩენილი ბაყაყს გადარჩენას. სხვათა შორის, 2009 წელს ჩარლზმა ჟურნალ Esquire-ის ყველაზე მოდურად და გემოვნებით ჩაცმული მამაკაცების ნუსხაშიც მოიპოვა ლიდერობა, უკან კი ბარაკ ობამა ჩამოიტოვა, რომელიც მხოლოდ მეოთხე პოზიციას დასჯერდა.