გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ კოპა დელ რეის მერვედფინალში მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და ხიხონის „სპორტინგი“ ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
„ვალენსია“ მეტოქეს გასვლაზე ეთამაშა. საქართველოს ნაკრების მეკარე „მესტალიელების“ ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მას, რეალურად, ბევრი საქმე არც ჰქონია.გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ედინსონ კავანიმ შეასრულა, რომელმაც პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა. ურუგვაელმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა და 39-ე წუთზე მასპინძლების კარი მეორედ აიღო. ამ ორ გოლს შორის, 21-ე წუთზე თავი ჯასტინ კლიუვერტმა გამოიჩინა.
მეორე ნახევარში თამაშის ბედი გარკვეული იყო, „ვალენსია“ დამშვიდდა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. 64-ე წუთზე „ხიხონის“ კარი სამუელ ლინომ აიღო და „ვალენსია“ ესპანეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა.