უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დამსწრეებს სიტყვით ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა.
გამოსვლის დაწყებამდე, მან ფორუმზე დამსწრეებს წუთიერი დუმილისკენ მოუწოდა, იმ ადამიანთა ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც დღეს ბროვარიში მომხდარი კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ.
„მადლობას გიხდით ამ წუთისთვის. მხოლოდ ერთ წუთია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანის ხსოვნას ინახავს“, - განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა წუთიერი დუმილის შემდეგ.
ამასთან, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომთან გამკლავების პროცესში.
„ტირანია უსწრებს დემოკრატიას. რუსეთს ერთ წამზე ნაკლები დასჭირდა ომის დასაწყებად. დრო,რომელსაც თავისუფალი სამყარო იყენებს ფიქრისთვის, ტერორისტული სახელმწიფოს მიერ გამოიყენება მკვლელობისთვის. უკრაინა და მისი მოკავშირეები ამას თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებიან. ამ პერიოდის განმავლობაში დამტკიცდა, რომ ჩვენმა ყველა დროულმა მოქმედებამ პოზიტიური შედეგი მოიტანა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან ამასთან აღნიშნა,რომ მსოფლიო მერყეობდა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმი დაიპყრო და შემდგომ, როდესაც 2022 წლის თებერვალში ის მთელს ქვეყანაში შეიჭრა.
„მსოფლიო არ უნდა მერყეობდეს დღეს და არასდროს, მსოფლიომ უნდა გადადგას ნაბიჯები უფრო სწრაფად, ვიდრე რუსეთი დგამს ახალ ნაბიჯებს. უკრაინისთვის ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებამ უნდა დაასწროს რუსეთის მიერ შემდგომ სარაკეტო თავდასხმას. უკრაინაში უსაფრთხოებისა და მშვიდობის აღდგენამ უნდა დაასწროს რუსეთის თავდასხმას უსართხოებასა და მშვიდობაზე სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ომის მიმდინარეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა,რომ ზამთარმა პროგრესი შეანელა.
„ომი კარგად არ გამოიყურება, ის კარგი თავიდანვე არ იყო და ზამთარში ის შენელდა. ყველა დაიღალა - ბუნება, ადამიანები და მადლობა ღმერთს, მტერიც. ჩვენ მტკიცედ , ძლიერად ვდგავართ. მე მადლიერი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ცოცხლების და მათი ვინც გმირულად დავკარგეთ. ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ასევე ძლიერები ვართ ერის შიგნით , ერთიანები ვართ, ორგანიზებულები ვართ, რადგან მოტივირებულები ვართ. ჩვენ არ დაგვიწყია ომი, მაგრამ სწორედ ჩვენ ვართ, ვინც ეს ომი უნდა დაასრულოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან დასავლელ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შეიარაღებისა და ეკონომიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მხარდაჭერა უზრუნველყოფს უკრაინის წარმატებას მიმდინარე ომში.