კორუფციულ ფაქტებს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება, არავის არაფერს გავუტარებთ! - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან თბილისის მერიასა და მის სტრუქტურებში დასაქმებულებს მოუწოდა, რათა საკუთარ სივრცეებში კორუფცია არ დაუშვან.
„მინდა გავაფრთხილო ყველა, დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსებით, გამგებლებით, სსიპ-ების, ა(ა)იპ - ების, შპს-ების ხელმძღვანელების ჩათვლით, ძალიან კრიტიკულები ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ კორუფცია რომ არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასე იყო წლების წინ, ასე იქნება ახლაც და მომავალშიც. ყველაფერს გავაკეთებთ კორუფცია საფუძველშივე რომ არ დავუშვათ და იყოს ამოძირკვული. მე ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ - თუ რომელიმე ჩვენს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა, დახმარება, მზად ვარ პირადად მოვუსმინო, გვერდით დავუდგე, ხელი შევუწყო, მაგრამ ასევე, ძალიან მკაცრი იქნება ჩემი რეაქცია კორუფციული ფაქტების მიმართ.
გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში გქონდეთ კომუნიკაცია თქვენს თანამშრომლებთან და ყველამ კარგად გაითავისოს ეს დამოკიდებულება. თუ ვინმეს რაიმე სჭირდება, მხარდაჭერა, თანადგომა, მზად ვართ ყველანაირად ხელი შევუწყოთ, მაგრამ კორუფციულ ფაქტებს ექნება ძალიან მკაცრი რეაგირება, არავის არაფერს გავუტარებთ“, - განაცხადა კალაძემ.