საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ბარელი Brent-ის ფასი 87 დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა - Palitra News

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ბარელი Brent-ის ფასი 87 დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა

2023-01-18 13:08:28+04:00

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - ბარელი Brent-ის ფასი 87 დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი თითქმის 3%-ითაა გაზრდილი და 57 დოლარს შეადგენს.

ნავთობის ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია ჩინეთის მასშტაბით კოვიდრეგულაციების შემსუბუქებასთან და აშშ-ის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთან.

მსოფლიოს მასშტაბით ბენზინის ტიპის საწვავის ფასები მკვეთრად განსხვავებულია. ამჟამინდელი მდგომარეობით, მსოფლიოში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი ერთ დოლარს და 29 ცენტს შეადგენს, რაც 3 ლარის და 45 თეთრის ტოლფასია. ბენზინის შეძენა ყველაზე იაფად ვენესუელაშია შესაძლებელი, სადაც მისი ღირებულება 16 ცენტი, ანუ 4 თეთრია. ყველაზე ძვირი ბენზინი ჰონგ-კონგში ღირს, სადაც მისი საშუალო ფასი 3 დოლარს აღწევს.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანაში პრემიუმის ტიპის საწვავის საშუალო ფასი 3 ლარი და 6 თეთრია. აღსანიშნია, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ლიტრი ბენზინი ყველაზე ძვირად საქართველოში ფასობს, ყველაზე იაფად მისი შეძენა კი აზერბაიჯანშია შესაძლებელი.