ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა არის რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, თუ რუსეთს „ნორმალურს არ გავხდით“, რუსეთი „მოინელებს“ და ისევ თავიდან დაიწყებს.
უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტში სალომე ზურაბიშვილმა მოლაპარაკებების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ.
„ეს ნამდვილად არის საკითხი, რომელიც უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რადგან მათ სისხლის ფასი გადაიხადეს, რომ თქვან როდის და როგორ უნდათ საკუთარი ტერიტორიის სუვერენიტეტის აღდგენა განიხილონ. დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ აქ, ამ დარბაზში განაცხადა, რომ [უკრაინა] საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. და, ვფიქრობ, უკვე აღარავის არ შეუძლია სხვების ტერიტორიების დათმობაზე მოლაპარაკებების წარმოება. ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა არის რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავება…
ამიტომ, შემდეგი მოლაპარაკებები გლობალური მოლაპარაკებები უნდა იყოს. მათ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია უნდა მოიცვან… და ეს არის გზა იმისკენ, რომ მერე დავიწყოთ ევროპული უსაფრთხოების, თანამშრომლობის, დიალოგის, ყველაფრის არქიტექტურაზე [საუბარი]. ეს ხსნის გზას ყველაფრისკენ, რადგან ეს რუსეთისთვის ნორმალურად გახდომისკენ ხსნის გზას.
და თუ ჩვენ რუსეთს ნორმალურს არ გავხდით… მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ იმავეს, რუსეთი ასე თუ ისე მოინელებს არგამარჯვებას ან მარცხს და ისევ დაიწყებს, როგორც კი შეძლებს, რათა კვლავ აჩვენოს თავისი ძალა”, - თქვა ზურაბიშვილმა Oxford Union-ში სიტყვით გამოსვლისას.