„დიარჯის” ეს ფორმა დამღუპველია კონკრეტულად ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის- იძულებული ვარ შევწყვიტო ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში,- ამის შესახებ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჩიკვატია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის განმარტავს, „დიარჯის“ ფასების გათანაბრებამ გამოიწვია, უხარისხო, საერთოდ რეგისტრში არ მყოფი იმპლანტების ამოტივტივება, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგზე.
„DRG- და ისევ ეს ყბადაღებული „დიარჯი” და მისი იმპლემენტაცია ქართული ჯანდაცვის სისტემაში! პირველ რიგში, მომხრე ვარ ყველანაირი ინოვაციის, რაღა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაში, მაგრამ „დიარჯის” ეს ფორმა დამღუპველია კონკრეტულად ტრავმატოლოგია-ორთოპედიისთვის.
ვინაიდან და რადგანაც, ჩვენ - ქირურგი ორთოპედები (ტრავმატოლოგები) გახლავართ „იმპლანტ დამოკიდებული” პროფესიის წარმომადგენლები, ძირითადი ნაწილი ჩვენი ჩარევისა (ოპერაციისა) სრულდება ხელოვნური იმპლანტის ორგანიზმში ჩასმით, ძვლების და სახსრების სხვადასხვა სეგმენტების გასამაგრებლად, ეს მეტალი გახლავთ გარკვეული ღირებულების, რაც საკმაოდ ძვირია მთელს მსოფლიოში. იმპლანტის ხარისხის განმსაზღვრელი, ძირითადად გახლავთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნის რეესტრები, მათგან მხოლოდ რამდენიმე მოიპოვება საქართველოში. „დიარჯის“ ფასების გათანაბრებამ გამოიწვია, უხარისხო, საერთოდ რეგისტრში არ მყოფი იმპლანტების ამოტივტივება, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგზე! 4 თვიანი ლოდინის, საუბრების და პეტიციების მიუხედავად არაფერი იცვლება. ჩატარებული ოპერაციიდან მიღებულ ხელფასზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი- ძირითადად 80-120 ლარის დიაპაზონში მერყეობს!
ვინაიდან, მე გახლავართ სახელმწიფო კლინიკის თანამშრომელი, ჩვენთან (გამომდინარე გარემოებებიდან) საერთოდ შეუძლებელია ვარირება იმპლანტებთან მიმართებაში. ანუ, მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ „ნაგავი” 80-120 ლარად!!! და მორჩა.
შესაბამისად, მე, ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო (იმედია დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ -ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სხვა სიტყვებით, რომ ავხსნა 80-120 ლარად ვიხმარო ნაგავი. მე მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და რა თქმა უნდა, ვაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას აქვე, იმ იმედით, რომ რაღაცა შეიცვლება, რისიც აღარ მჯერა“,- წერს ლევან ჩიკვატია.