ქართველი ძიუდოისტების რიცხვი, რომლებიც 2023 წლის პირველ ტურნირზე იასპარეზებენ, საგრძნობლად გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი ვერსიით, პორტუგალიის ქალაქ ალმადაში დაგეგმილ გრან პრიზე 6 ქართველი ძიუდოისტი უნდა გამოსულიყო, ახლა კი, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლაშა გუჯეჯიანის გადაწყვეტილებით, შეჯიბრზე 13 სპორტსმენს ვიხილავთ.
საქართველოს ნაკრებში ისევ გამოჩნდა 31 წლის ავთანდილ ჭრიკიშვილი მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, რომელიც ბოლოს ტატამიზე 2021 წელს უნგრეთში გამართულ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ვიხილეთ.
ალმადაში 27-29 იანვარს დაგეგმილ გრან პრიზე ამ დროისთვის 78 ქვეყნის წარმომადგენელი 531 ძიუდოისტია დარეგისტრირებული. შარშან პორტუგალიურ გრან პრიზე საქართველოს ნაკრების მონაგარი ერთადერთი ბრინჯაოს მედალი იყო, კვარცხლბეკზე ასვლა გიორგი ბერიაშვილმა (100 კგ.) მოახერხა.