პოპულარულმა ანალიტიკურმა საიტმა Whoscored.com-მა ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლის 21 წლის ქართველმა შემტევმა ტურინის იუვენტუსთან ანგარიშით 5:1 მოგებულ მატჩში გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა მან ნაპოლის 5-იდან 4 გოლში მიიღო მონაწილეობა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. Whoscored-მა ხვიჩას 9.83 ქულა დაუწერა და ეს ყველაზე მაღალი შეფასებაა არამხოლოდ ნაპოლი-იუვეს მატჩში, არამედ - მთლიანად ტურში.
ბუნებრივია, კვარაცხელია ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. 11 საუკეთესო მოთამაშეს შორის, მასთან ერთად, ნაპოლის კიდევ სამი მოთამაშეა: ცენტრფორვარდი ვიქტორ ოსიმენი და მცველები - ჯოვანი დი ლორენცო და ამირ რაჰმანი. ხვიჩა არა მარტო იტალიის ჩემპიონატის, არამედ, TOP 5 ლიგების ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. მეტიც, ის ხუთივე ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა ამ შეფასებით.
იტალიის ჩემპიონატში გასული 18 ტურის შემდეგ, ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილ ნაპოლის 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. მეორე ადგილზე მილანია 38 ქულით, მესამე-მეოთხე პოზიციებს კი 37-37 ქულით იუვენტუსი და ინტერი იკავებენ. სერია A-ს მომდევნო ტურში ნაპოლი 21 იანვარს, სტუმრად სალერნიტანასთან ითამაშებს.