ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზით გასულ წელს 432 284 ტონა ტვირთი გადაიზიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რკინიგზა გასცემს.
უწყების ცნობით, 2017-დან 2022 წლის ჩათვლით ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზზე ტვირთის გადაზიდვების მთლიანმა მოცულობამ 1 347 585 ტონა შეადგინა. ნოემბრის ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე, ქვეყნის გავლით ტვირთების გადაზიდვის მოცულობის გაზრდის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციების ჩადებას იწყებს და ქართული მონაკვეთის გაფართოების პროექტში ეს ინვესტიციები 100 მლნ დოლარს გადააჭარბებს. ალიევს მანამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განვითარებაში 2022-2023 წლებში ინვესტიციას განახორციელებდა, რათა რკინიგზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონა ტვირთამდე გაიზარდოს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მთლიანი სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 477 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 2,1-ჯერ მეტია.