რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, - ამის შესახებ მედიასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. ანთაძის თქმით, ამ დროისთვის, დაკავების ფაქტთან დაკავშირებით დეტალები ზუსტდება.
„გუშინ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე და შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ. გადმოცემული გვაქვს მხოლოდ სახელი და გვარი“, – აღნიშნა ანთაძემ.
შეგახსენებთ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი, რიგით 110-ე შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს გააპროტესტებენ.
ასევე, განსახილველი საკითხები შეეხება იმ ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცხინვალში უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს 7 მოქალაქე.