უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების თავდასხმები 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების სარაკეტო-საარტილერიო ნაწილებმა რუსული ძალების სამეთაურო პუნქტს, კონცენტრაციის 11 ზონას, საწვავი-საპოხი მასალების საწყობსა და საბრძოლო მასალის საცავს დაარტყეს.
გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 870 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 116 950 -ს მიაღწია. უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 121 ტანკს, 6 215 ჯავშანმანქანას, 2 104 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 1 872 უპილოტო საფრენ აპარატს და სხვა შეიარაღებას.