მსოფლიო ბანკმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დრამატულად შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. უახლესი ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბანკი წელს გლობალური ეკონომიკის 1.7%-იან ზრდას მოელის, ნაცვლად 3%-ისა.
World Bank-ის განმარტებით, გლობალური ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა გაზრდილი ინფლაციის, მაღალი საპროცენტო განაკვეთების, შემცირებული ინვესტიციების და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული პრობლემების ფონზე.
საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, მყიფე ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ნებისმიერი ახალი უარყოფითი მოვლენა, როგორებიცაა მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, მის შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, COVID-19-ის პანდემიის ახალი ტალღა ან გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკის რეცესიას განაპირობებდეს. ეს იქნება პირველი შემთხვევა გასული 80 წლის განმავლობაში, როდესაც ერთი ათწლეულის განმავლობაში ორი გლობალური ეკონომიკური ვარდნა აღინიშნება.
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკი საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე ორნახევარჯერ ნაკლებია.
ამასთან, ქვეყანაში ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს რუსეთში 2023 წელს მოსალოდნელმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ვარდნამ გაჭიანურებული კონფლიქტისა და სანქციების შედეგად.
რა გვლენა შეიძლება ჰქონდეს მსოფლიო რეცესიას საქართველოზე, რა გამოწვევები შეიძლება იყოს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების, ფასების, ინვესტიციების და სხვადასხვა კომპონენტის კუთხით - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა