საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 1 ლარით და 60 თეთრით შემცირდა.
საქსტატის ცნობით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253 ლარს და 50 თეთრს შეადგენდა, მაშინ როცა ნოემბერში ეს მაჩვენებელი 255 ლარი და 10 თეთრი იყო.
ამასთან, უწყების მონაცემებით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 226 ლარის ნაცვლად, 224 ლარი და 50 თეთრი გახდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.