ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურეს. ესაა მყარი ციური სხეული, ფორმალური სახელწოდებით LHS 475 b, რომლის დიამეტრიც დედამიწისას მხოლოდ 1 პროცენტით ჩამოუვარდება.
მეცნიერთა გუნდმა მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიით დასაკვირვებლად სამიზნე ობიექტი კოსმოსური ზონდის TESS მიერ შესწავლილი ეგზოპლანეტების კანდიდატებიდან შეარჩია. მისი მონაცემები მიუთითებდა, რომ საქმე, სავარაუდოდ, პლანეტასთან გვქონდა, ვების ახლო ინფრაწითელმა კამერამ კი ამაში დაგვარწმუნა. მან LHS 475 b მარტივად და მკაფიოდ "დაინახა", თანაც მხოლოდ 2 ტრანზიტის, ანუ ვარსკვლავთან ამ ობიექტის ჩავლის განმავლობაში.
"ვები უფრო და უფრო გვაახლოებს დედამიწის მსგავს პლანეტებთან, რომლებიც ჩვენი მზის სისტემის მიღმაა, მისია კი სულ ახლახან დაიწყო", — ამბობენ მეცნიერები.
ჩვენს ხელთ არსებულ ტელესკოპებს შორის, მხოლოდ ვებს შეუძლია, რომ ამ ზომის ეგზოპლანეტების ატმოსფეროს მახასიათებლები გამოავლინოს. გუნდმა ეს სპექტრული მონაცემების ანალიზის გზით სცადა. მათ დაადგინეს, რომ LHS 475 b დედამიწის მაგვარი კლდოვანი, ანუ მყარი ციური სხეულია და არა აირისგან შედგენილი. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით გაურკვეველია, აქვს თუ არა მას ატმოსფერო.
"არის მყარი პლანეტებისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროების რამდენიმე ტიპი, რომელთაც გამოვრიცხავთ. შესაძლებელია, რომ მას მეთანით მდიდარი სქელი ატმოსფერო ჰქონდეს, ისეთი, როგორიც სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ ტიტანზე გხვდება", — აცხადებენ ასტრონომები.
ასევე, განიხილება მხოლოდ ნახშირორჟანგისგან შედგენილი ატმოსფეროს არსებობაც, რომლის დაფიქსირებაც ძალიან ძნელია. ამისთვის უფრო ზუსტი და დეტალური დაკვირვებებია საჭირო, რასაც სპეციალისტები ზაფხულში აპირებენ, რა დროსაც დამატებით სპექტრულ მონაცემებს მოიპოვებენ.