ვაზისუბანში მომხდარ ტრაგედიას ექსპერტების შეფასებები მოჰყვა. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი სონღულაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ პირველ რიგში მოხდეს ლიფტების პასპორტიზაცია, რაც ნიშნავს ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას. მისი თქმით, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა მოსახლეობას ეკისრება, რადგან მათ საკუთარი ხარჯებით უნდა მოახდინონ ლიფტების გარემონტება. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სონღულაშვილის მოსაზრებით, სახელმწიფომ უპირველეს ყოვლისა ლიფტების 90 პროცენტი უნდა დალუქოს და შემდგომ უნდა დაიწყოს მუშაობა, თუ როგორ უნდა აღდგეს დაზიანებული და მწყობრიდან გამოსული ლიფტები. ცნობისთვის, ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.