აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის განცხადებით, შეერთებული შტატები გვერდში უდგას უკრაინას და ეხმარება მას, თუმცა მეტი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინამ რუსეთის აგრესია მოიგერიოს. ამის შესახებ კონდოლიზა რაისმა „ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციას განუცხადა.
ამის მაგალითად რაისს მოჰყავს ის საჭიროება, „რომლის განსაზღვრაც რამდენიმე თვის წინ რთული არ იქნებოდა“, კერძოდ კი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მეტი სისტემების მიწოდება იმისთვის, რომ რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა აღკვეთილიყო. ყოფილი სახელმწიფო მდივანი დასავლეთს მოუწოდებს, რომ წინმსწრებად იმოქმედოს და უკრაინას მისცეს ის, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება.
რაისის თქმით, უკრაინა არ ითხოვს ამერიკული ჯარების დახმარებას. „იქ უკრაინელები იბრძვიან და იტანჯებიან საერთაშორისო სისტემის შესანარჩუნებლად, რომელიც არ ეგუება პატარა მეზობელზე სამხედრო ძალით თავდასხმას", - განაცხადა რაისმა. ის ასევე დასძენს, რომ „აშშ-ის ინტერესებში შედის რუსეთს გაუგზავნოს მესიჯი, რომ ის ასეთ ფაქტს არ დაუშვებს".
შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე შეცდომა იქნა დაშვებული, როცა საქართველოს და უკრაინას წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარი ეთქვათ, რაისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამას ითხოვდა, მაგრამ კონსენსუსზე დაფუძნებულ ნატოს ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ ჰქონდა. მისი თქმით, ამიტომაც ვაშინგტონმა ბუქარესტში შემდეგი საუკეთესო შედეგი უზრუნველყო, რომ ეს ქვეყნები მომავალში ალიანსის წევრები გახდებოდნენ. ახლა კი, მისი თქმით, "პუტინმა მიაღწია იმას, რომ უკრაინა ნატოს უფრო მეტად დაუახლოვდა არა როგორც წევრი, არამედ ბენეფიციარი ყველაფერ იმისა, ჯარების გამოკლებით, რისი მიწოდებაც ნატოს შეუძლია".
კონდოლიზა რაისს მიაჩნია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დაწესებულიყო ორივე შემთხვევაში, თუმცა 2008 წელს დაწყებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და სხვა ეკონომიკურმა პრობლემებმა ეს ვერ გახადა შესაძლებელი.
მისი თქმით, „ამაზე მეტს ვერაფერს ვიზამდით საქართველოს შემთხვევაში”.
“გულწრფელად გეტყვით, მჯერა შევაჩერეთ რუსეთის ამბიცია აეღო თბილისი. რუსეთს დანამდვილებით სურდა სააკაშვილის დამხობა“, - განაცხადა რაისმა.
ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაზეც გააკეთა კომენტარი.
„ნება მომეცით ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მივმართო საქართველოს სააკაშვილის სახელით, რომელიც ავადაა და ციხეშია. ის არის ადამიანი, რომელზეც მე იმედი მაქვს, რომ სრულად გავაცნობიერებთ მის ისტორიულ როლს და ახლა მის ჰუმანიტარულ სიტუაციას“, - განაცხადა რაისმა.