2022 წელს სახელმწიფო კონტროლი ღვინის 48 კომპანიაში განხორციელდა - აღებული 972 ნიმუშიდან დარღვევა 18 კომპანიის 30 ნიმუშში აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. საანგარიშო პერიოდში, ასევე განხორციელდა 243 საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. საერთო ჯამში, ინსპექტირების ფარგლებში შეუსაბამობა 19 კომპანიის 33 ნიმუშში აღმოჩნდა.
ცნობისთვის, ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა. ამ დრომდე ადგილობრივ ბაზარზე სავალდებულო სერტიფიცირება მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებსა და ჭაჭას ეხებოდა.