ერევანში, საქართველოსა და სომხეთს შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვის მნიშვნელობას და კმაყოფილება გამოთქვეს სხდომაზე მიღწეული შედეგებით.
განხილულ საკითხთა შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საზღვრის კვეთის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობის საკითხს, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სხდომის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რომლის ძალაში შესვლის შემდეგაც ორი ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საზღვარი ბიომეტრიული პირადობის ბარათებით გადაკვეთონ.