მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა - Palitra News

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

2023-01-12 13:13:52+04:00

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 4%-ით გაიზრდება, აქამდე გამოქვეყნებული პროგნოზის მიხედვით კი საფინანსო ინსტიტუტი წელს საქართველოს ეკონომიკის 4,2%-იან ზრდას პროგნოზირებდა.

რაც შეეხება 2022 წელს, ამ შემთხვევაში ბანკის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზრდილია. თუ აქამდე მსოფლიო ბანკი 8,8%-იან ზრდას ვარაუდობდა, განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 10%-იანი ზრდით დაასრულებს. ამავე პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს ზრდა 5% იქნება.

რაც შეეხება გლობალურ პროგნოზს, მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს გლობალური ეკონომიკა 1.7%-ით გაიზრდება, ნაცვლად აქამდე გაცხადებული 3%-ისა. 2024 წელს კი გლობალური ეკონომიკის 2.7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

ორგანიზაციის განმარტებით, გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებაზე იმოქმედა გაზრდილმა ინფლაციამ, ცენტრალური ბანკების მიერ დაწესებულმა მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულმა პრობლემებმა და სხვა თანმდევმა მოვლენებმა.