ბათუმის „დინამომ“ ლუკა ზარანდიასთან კონტრაქტი გააფორმა, ცნობილია ხელშეკრულების ხანგრძლივობაც.
„ახალი სეზონიდან ჩვენი გუნდის ღირსებას 26 წლის ლუკა ზარანდია დაიცავს. ოფიციალური კონტრაქტი 1-წლიან ურთიერთთანმშრომლობას და კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს“, – წერია ბათუმის „დინამოს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ცნობისთვის, ლუკა ზარანდია 2014 წელს თბილისის „ლოკომოტივიდან“ ბელგიურ „გენკში“ გადავიდა, მაგრამ 2016 წელს საქართველოში დაბრუნდა და 6 თვე ისევ „ლოკომოტივში“ ითამაშა.
2017 წელს ფეხბურთელი პოლონეთში გადავიდა და გდინიას „არკას“ შეუერთდა, სადაც სამი ტიტული მოიპოვა: ერთხელ – პოლონეთის თასი, ორჯერ კი სუპერთასი მოიგო.
2019 წლის ივლისში ბელგიურმა „ზულტე ვარეგემმა“ ზარანდიასთან სამწლიანი ხელშეკრულება გაფორმა, 2020 წელს კი იჯარით ყაზახეთის „ტობოლში“ გაუშვა.
2022 წლის 29 მარტს ლუკა პოლონეთში, კელჩეს „კორონაში“ გადავიდა, რომლის მწვრთნელი ლეშეკ ოჟინსკი მანამდე „არკაში“ ავარჯიშებდა, მაგრამ 2022 წლის 2 ნოემბერს ოჟინსკი გაათავისუფლეს და ზარანდიამაც კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა.
ცნობისთვის, ლუკა ზარანდიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2018 წლიდან იწვევდნენ, სადაც სადებიუტო თამაში 2018 წლის 16 ოქტომბერს ერთა ლიგის D დივიზიონში ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარა.