ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოს თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა, რის შედეგადაც მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ქაბულის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, დაშვებულია 40-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, თალიბების მიერ მართული საინფორმაციო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უსტად ფარიდუნმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, თავდამსხმელი საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლას გეგმავდა, მაგრამ ვერ მოახერხა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პაკისტანმა და გაერთიანებულმა სამეფომ, თავდასხმა დაგმეს.