ბრიტანელ მუსიკოსს, რომელმაც უძლიერესი კონტრალტო-ვოკალისა და ექსცენტრიკული შესრულების მანერით მოიპოვა პოპულარობა, ხშირად ადარებენ უდიდეს ჯაზ-ვოკალისტებს ელა ფიცჯერალდს, მეისი გრეისა და სარა ვოანს, მით უფრო, რომ მისი სცენური იმიჯიც სწორედ 1960-იანი წლების მოდით იქნა შთაგონებული. მართალია, უიანჰაუსი, რომელმაც ჯაზი, სოული და R&B გააერთიანა საკუთარ შემოქმედებაში, საკმაოდ ადრე, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ხანმოკლე კარიერაც საკმარისი აღმოჩნდა 2000-იანი წლების წამყვანი ბრიტანელი შემსრულებლის ტიტულის მოსაპოვებლად და მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ადგილის დასამკვიდრებლად.
ემი უაინჰაუსი ლონდონში, რუსეთის იმპერიიდან ემიგრირებული ებრაელების შთამომავლების მეტად მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. მისი დიდი ბაბუა პროფესიონალი ჯაზმენი იყო, ისე როგორც ბებია, რომელმაც სწორედ ჯაზ-კომპოზიციების შესრულებით გაიცნო და შეიყვარა ლეგენდარული საქსოფონისტი რონი სკოტი, ვისთანაც ხანმოკლე რომანი ჰქონდა. მუსიკოსები იყვნენ ემის ბიძებიც, მამას კი, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა, არაჩვეულებრივი ხმა, სმენა ჰქონდა და ხშირად ანებივრებდა შვილს ფრენკ სინატრას სიმღერების საკუთარი შესრულებით.
მუსიკალური განათლება უიანჰაუსმა Susi Earnshaw Theatre School-ში მიიღო, სადაც 9 წლისამ პირველი რეპ-ჯგუფი Sweet 'n' Sour შექმნა მეგობართან ერთად, საკუთარი კომპოზიციების წერა კი, 14 წლისამ დაიწყო ჯგუფის Bolsha Band-ის შემადგენლობაში. მუსიკაზე საოცრად შეყვარებული ემი ყველგან და ყოველთვის მღეროდა, მეტიც, როგორც სკოლის პედაგოგები იხსენებდნენ მოსაწყენი გაკვეთილებით მოქანცულ უაინჰაუსს ყოველთვის თავისუფლად შეეძლო ფეხზე წამოდგომა და ნებისმიერი კომპოზიციის თამამად შესრულება.
საყვარელ სიმღერად უიანიჰაუსი კეროლ კინგის So Far Away-ს მიიჩნევდა, მუსიკოსებს შორის კი, ვინც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და პრაქტიკულად განსაზღვრა მისი შემოქმედება, პირველ რიგში ტელონიუს მონკს, ჩარლზ მინგუსსა და მაილს დევისს ასახელებდა.
სადებიუტო ალბომით Frank, რომელიც 2003 წელს გამოვიდა და ჯერ Mercury Prize-ის ნომინანტი გახდა, მერე პლატინის სტატუსი შეიძინა, თავად მუსიკოსი ნაკლებად იყო კმაყოფილი, რადგან, ალბომში შესული კომპოზიციების მხოლოდ ნაწილი მოიწონა, დანარჩენი კი, პროდიუსერის სალაამ რემის მოთხოვნით ჩაწერა.
ბევრად წარმატებული აღმოჩნდა 2006 წელს გამოსული ალბომი Back To Back, რომელიც უაინჰაუსმა 1960-იანი წლების პოპ-ჯგუფების შემოქმედების გავლენით შექმნა და პირველისგან განსხვავებით ნაკლებად გამოიყენა ჯაზ-მოტივები. ალბომმა ჯერ European Top 100-ში მოიპოვა 13-კვირიანი ლიდერობა, მერე კი, 2 მილიონ ეგზემპლარად გაყიდული, 21-ე საუკუნის საუკეთესო ბრიტანულ ალბომად დასახელდა. ამასთანავე, სწორედ მეორე ალბომმა და კომპოზიციამ Rehab მოუტანა მუსიკოსს Grammy-ის ხუთი პრემია, ყველაზე პრესტიჟული ნომინაციების - საუკეთესო ახალბედა შემსრულებლის, წლის ჩანაწერისა და კომპოზიციის ჩათვლით.
ამავე ალბომის წყალობით მოხვდა უიანჰაუსი გინესის რეკორდების წიგნშიც, როგორც ხუთი Grammy-ის მფლობელი ერთადერთი ბრიტანელი მუსიკოსი. თუმცა, ვერ დაესწრო პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიას, რადგან ამერიკულმა მხარემ უარი უთხრა ვიზის გაცემაზე.
სამარცხვინოდ და პუბლიკის შეურაცხმყოფლად ჩაითვალა უაინჰაუსის კონცერტი ბელგრადში 2011 წლის ივნისის თვეში, რომელიც ევროპული ტურნეს ფარგლებში იმართებოდა. ალკოჰოლის ზემოქმედებით თავგზააბნეულმა მუსიკოსმა, რომელიც პრაქტიკულად იძულებით გააგდო სცენაზე პროდიუსერმა ვერც ქალაქი გაიხსენა, სადაც კონცერტს მართავდა, ვერც ჯგუფის წევრების სახელი, ვერც სიმღერის ტექსტი. უაინჰაუსმა რამდენიმე წუთში, მელომანების სტვენის ფონზე დატოვა სცენა, მოგვიანებით კი, ტურნეს ყველა კონცერტი გააუქმა.
მუსიკოსი წლების მანძილზე იტანჯებოდა ბულიმიით, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებით. მძიმე ნარკოტიკები ემის მეუღლემ, როგორც თვითონ უწოდებდა „მთელი ცხოვრების სიყვარულმა“ ბლეიკ ფილდერ-სივილმა „გააცნო“, ვისთან ქორწინებიდან სამ კვირაში უაინჰაუსი მხოლოდ საოცრებით გადაურჩა ნარკოტიკების ზედმეტი დოზით სიკვდილს.
აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია Rehab, უაინჰაუსმა პირადი გამოცდილებით შექმნა, როცა ახლობლები სარეაბილიტაციო კლინიკაში მკურნალობას აიძულებდნენ, ის კი, ჯიუტად ამბობდა უარს. უცნაურია, მაგრამ მუსიკოსმა, რომელმაც არ მოინდომა დამღუპველი დამოკიდებულებისგან გათავისუფლება მთელი 200 ათასი დოლარი დახარჯა საკუთარი სტილისტის მკურნალობაზე. სხვათა შორის, კომპოზიცია Flower Grown Wild ბრაიან ადამსმა სწორედ მხარდაჭერის სურვილით მიუძღვნა მეგობარს, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა ნარკოდამოკიდებულების დაძლევას.
მართალია, 2008 წელს უაინჰაუზმა ნარკოტიკებს თავი დააღწია, მაგრამ ახლა ალკოჰოლზე გახდა დამოკიდებული. მეტიც, რამდენიმეთვიანი რემისიის შემდეგ მუსიკოსი ისევ დაუბრუნდა ძველ ჩვეულებას, რამაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე შეიწირა, რადგან სწორედ ფილტვის ემფიზემით დამძიმებული ალკოჰოლური ინტოქსიკაცია გახდა 2011 წლის 23 ივლისს მისი გარდაცვალების მიზეზი.
მუსიკოსის გარდაცვალებიდან ოთხი თვის შემდეგ მისი ალბომი Lioness: Hidden Treasures გამოვიდა, რომელმაც მანამდე გამოუქვეყნებელი 12 კომპოზიცია გააერთიანა. კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს უაინჰაუსის უკანასკნელი ნამუშევარი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა მუსიკოსს მართლაც უნიკალური ნიჭი და უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა.