ამაზე ნუ მელაპარაკებით. მე ვცდილობ, ჩემი შვილის გადარჩენას. ვინ რა თქვა და რატომ თქვა, თქვა, თუ არა, ეს მე არ ვიცი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ მედიაში გავრცელებულ იმ აუდიოჩანაწერზე კომენტირებისას აღნიშნა, რომელშიც სავარაუდოდ, ნიკა მელია სააკაშვილის შესახებ საუბრობს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმეს, გიული ალასანიამ ის ფაქტი შეაფასა, რომ Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხრისტო გროზევმა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს თანამშრომლობა შესთავაზა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმეში გამოძიებასთან დაკავშირებით.
როგორც ალასანია განმარტავს, აღნიშნული განცხადება დამაიმედებელია.
ცნობისთვის, 4 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ხრისტო გროზევს მიმართა. სააკაშვილი მიმართვაში საუბრობს იმაზე, რომ „საწამლავი და მძიმე მეტალები აღმოჩნდა“ მის თმასა და ფრჩხილებში და გროზევს მოუწოდებს, თუ შეუძლია გამოიძიოს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ფარული და ოლიგარქიული სქემები, რაც სააკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის.