2023 წლის მსოფლიო თასის წინ, ბორჯღალოსნები ტესტ-მატჩს 26 აგვისტოს, ედინბურგში შოტლანდიის წინააღმდეგ გამართავენ. თამაში ლეგენდარულ „მარიფილდზე“ გაიმართება,, რომელც 1925 წელს აშენდა და 67 ათასზე მეტ მაყურებელს იტევს. ბორჯღალოსნები ამ არენაზე მესამედ, შოტლანდიასთან კი ჯამში მეექვსედ ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ ტიერ1-ის სარაგბო ქვეყნებიდან მსოფლიო თასს მიღმა სქოთებთან ყველაზე მეტჯერ – 4-ჯერ გვითამაშია. ასევე, ის გახდა ტიერ1-ის პირველი გუნდი რომელიც სათამაშოდ საქართველოში ჩამოვიდა.
ბორჯღალოსნებისა და შოტლანდიის ურთიერთშეხვედრების ისტორია სათავეს 2011 წლიდან იწყებს, როდესაც მეტოქეს ახალ ზელანდიაში, ინვერქაგილში, მსოფლიო თასზე ლელო არ გავატანინეთ, თუმცა მეტოქემ მაინც იმარჯვა – 15:6.
2016 წელს შოტლანდიამ ქილმანროქში გვიმასპინძლა და 43:16 იმარჯვა. 2019 წლის მსოფლიო თასის წინ მათ ორჯერ შევხვდით და თბილისში სტუმრებმა 44:10, ხოლო ედინბურგში 36:9 იმარჯვეს. 2020 წელს შოტლანდიას კიდევ ერთხელ ვეწვიეთ „მარიფილდზე“ და ამჯერად მეტოქემ 48:7 მოიგო.
2023 წლის მსოფლიო თასამდე ბორჯღალოსნები კიდევ ორ ტესტ-მატჩს გამართავენ. მეტოქეების ვინაობა უახლოეს პერიოდში დაზუსტდება. საფრანგეთის მსოფლიო თასი 8 სექტემბერს დაიწყება, საქართველო კი პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.