სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა!- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით საქართველომ ისინი მინიმალურ ფასში იყიდა თავის დროზე.
„სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა! პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს „ბუკ“-ის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი - პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც „ბუკ“-ის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.
ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები „ბუკ“-ისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი „ჯაველინების“ უკრაინისთვის სესხებაზე.
ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში“,- წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა გუშინ აღნიშნა, რომ კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. მისივე თქმით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არა მხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც კი.