2022 წელს პროდუქტებზე მსოფლიო ფასები 14,3%-ით გაიზარდა, თუმცა წლის ბოლოს ცაკლეულ პროდუქტებზე ფასების მკვეთრი კლება შეინიშნებოდა. ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია თავის კვლევაში საუბრობს.
დეკემბერში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 132.4 პუნქტს შეადგენდა, რაც ნოემბრთან შედარებით 1.9%-ით ნაკლებია.
"ინდექსის კლება კი განპირობებული იყო მცენარეულ ზეთზე მსოფლიო ფასების მკვეთრი ვარდნით, მარცვლეულსა და ხორცზე ფასების კლებასთან ერთად. თუმცა ეს პროცესები ნაწილობრივ აანაზღაურა შაქარსა და რძის პროდუქტებზე ფასების ზომიერმა ზრდამ“, - ნათქვამია FAO-ს მიმოხილვაში.
ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის ბოლოს მარცვლეულის ფასების ინდექსმა ახალ რეკორდს მიაღწია და 2021 წელთან შედარებით თითქმის 18%-ით გაიზარდა. მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 6,7%-ით შემცირდა და 2021 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაფიქსირდა.
თუმცა, თუ წლიურ ჭრილში განვიხილავთ, მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი მაინც გაზრდილია წინა წელთან შედარებით დაახლოებით 14%-ით. ფასის რეკორდი დააფიქსირა ასევე რძის პროდუქტების ჯგუფმა.
2022 წლის ბოლოს რძის პროდუქტების ფასის ინდექსმა 142,5 პუნქტი შეადგინა, რაც 19,6%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. ეს კი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1990 წლის შემდეგ.