უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის შეხვედრაზე ფრონტის ყველაზე ცხელი მიმართულებები განიხილეს.
„შტაბის მორიგ შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში არსებულ ვითარებაზე - ზუსტად იმ რაიონებზე, რომლებიც ახლა ყველაზე ცხელია : ბახმუტი და სოლედარი, კრემენაია და სვატოვო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ბრძოლა დონბასისთვის გრძელდება და ამ რთული და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი მთელი დონბასის გათავისუფლება იქნება.
"ეს უკიდურესად რთულია - იქ თითქმის არ არის დარჩენილი მთელი კედელი. ჩვენი ჯარისკაცების გამძლეობის წყალობით, მოვიგეთ დრო და დამატებითი ძალები უკრაინისთვის. და რისი მოგება სურდა რუსეთს იქ? ყველაფერი მთლიანად არის განადგურებული, სიცოცხლე თითქმის არ დარჩა. მათი ათასობით ადამიანი დაკარგულია: სოლედარეთან მთელი მიწა სავსეა ოკუპანტების ცხედრებით და დარტყმების იარებით. აი, ასე გამოიყურება სიგიჟე“, – განაცხადა ზელენსკიმ.