როგორც ჩანს, საუდის არაბეთში, უდაბნოში მშენებარე საი-ფაი ქალაქი The Line მარტოხელა პროექტი არ არის. ის დიდი პროექტის, NEOM-ის, ერთ-ერთი ფრაგმენტია. გარდა Line-ისა, პროექტში შედის რეგიონისთვის ძალიან უჩვეულო და ამბიციური სამთო-სათხილამურო კურორტის, Trojena-ს მშენებლობაც. ეს რეგიონში ღია ცის ქვეშ მდებარე პირველი ამ ტიპის კურორტი იქნება.
პროექტის სახელწოდება NEOM აერთიანებს ბერძნულ სიტყვა Neo-სა და არაბული სიტყვის, Mustaqbal-ის პირველ ასოს. Neo ახალს ნიშნავს, ხოლო Mustaqbal – მომავალს. პროექტის იდეა საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს ეკუთვნის.
პროექტის მიზანია, 2030-იან წლებში ქვეყნის ეკონომიკა ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულებისგან რაც შეიძლება მეტად გათავისუფლდეს. რაც შეეხება Trojena-ს ის იქნება სამთო კურორტი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს.
Trojena აკაბის ყურიდან 50 კმ-ის მოშორებით, 1400 კვადრატულ კილომეტრზე, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე მთებზე აშენდება. ამ რეგიონის ზოგ ნაწილში ზღვის დონიდან სიმაღლე 2600 მეტრსაც აღწევს და აქ ზამთარში ტემპერატურა 0 გრადუსზე დაბლაც ჩამოდის.
NEOM-ის გუნდის ამბიციები უბრალოდ სამთო-სათხილამურო კურორტის აშენებაზე შორს მიდის – საუდის არაბეთის მმართველებს 2029 წლის აზიის ზამთრის თამაშების Trojana-ში გამართვა სურთ.
პრეს რელიზის მიხედვით, ძირითად მშენებლობას მხოლოდ 57 კვ.კმ დაეთმობა.
იმისათვის, რათა მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონიროს, პროექტს ექვსი განსხვავებული რაიონი ექნება და ყველა მათგანში უნიკალური ლანდშაფტი იქნება. ქალაქს განსხვავებული ღონისძიებების მასპინძლობა შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა, სპორტული ტურნირი იქნება ეს თუ კულტურული ფესტივალი.
სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის პირველ ნაწილში დაიწყება. გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ქალაქის მშენებლობა დასრულებული იქნება და ის ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს უმასპინძლებს.