ამ დილით მიხეილ სააკაშვილს ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდა, პასუხები ჯერ არ არის ცნობილი. საკმაოდ ცუდად არის - 9 იანვრის პროცესზე ფიზიკურად დასწრებას ითხოვდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, ვერც ფიზიკურად დასწრებას და ვერც დისტანციურად ჩართვას ვერ შეძლებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძე სხდომებს ყოველდღიურად ჩანიშნავს, ამ შემთხვევაში კვირა-კვირა ნახევარში უკვე სასამართლო დასკვნით სიტყვამდე მივა.
„მისი პატიმრობიდან მე-6 შემთხვევაა გონების კარგვის. როგორც თვითონ აღნიშნა, ყველაზე ძლიერი შემთხვევა იყო. ამ დილით მიხეილ სააკაშვილს, რაღაც ინსტრუმენტული კვლევები ჩაუტარდა, პასუხები ჯერ არ არის ცნობილი. საკმაოდ ცუდად არის, 9 იანვრის პროცესზე ფიზიკურად დასწრებას ითხოვდა, მაგრამ ეს შეუძლებელია, ვერც ფიზიკურად დასწრებას და ვერც დისტანციურად ჩართვას ვერ შეძლებს, იმდენად მძიმეა მისი ვითარება.
ადვოკატები ვგეგმავთ, მოვითხოვოთ პროცესები დაჩქარებულად ჩატარდეს და სამუშაო რეჟიმის განსაზღვრა გვიანობამდე მოხდეს, რომ ყოველდღე რამდენიმე მოწმის დაკითხვა მოხდეს. თუ ყოველდღიურად ჩაინიშნება პროცესები, შესაძლებელია კვირა-კვირა ნახევარში ეს ყველაფერი მორჩეს და მივიდეთ დასკვნით სიტყვამდე. რაც შეეხება სასამართლოს იმედს, გიორგი არევაძე დამოუკიდებელი მოსამართლეა და ის შედის იმ მოსამართლეთა რიგებში, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ არ არის ე.წ. კლანის წევრი და მისი სამოსამართლო საქმიანობა ყოველთვის გამოირჩეოდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებით“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
უფლებადამცველის განმარტებით, 9 დეკემბრის სასამართლო პროცესზე ქართველი ექსპერტების გამოკითხვა იგეგმება.