რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსული ძალები 6-7 იანვარს მართლმადიდებლური შობის აღსანიშნავად 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტას განახორციელებენ, სავარაუდოდ, საინფორმაციო ოპერაციაა, რომელიც უკრაინის რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ანგარიშშია აღნიშნული.
ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი, სავარაუდოდ, ცდილობს, პაუზა ფრონტის კრიტიკულ სექტორებში შეტევითი ოპერაციების განახლებისთვის გამოიყენოს.
„პუტინი, შესაძლოა, ცდილობს, 36-საათიანი პაუზით რუსეთის ჯარებს დასვენების, ხელახალი ორიენტაციის და ფრონტის კრიტიკულ სექტორებში შეტევითი ოპერაციების ხელახალი განხორციელებისთვის გამოიყენოს. ასეთი პაუზა არაპროპორციულად სარგებელს მოუტანს რუსეთის ჯარებს და უკრაინისთვის ინიციატივის წართმევის დაწყებას გამოიწვევს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანალიტიკოსების განცხადებით, პუტინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების რელიგიურ ნიადაგზე აგება დამატებით აძლიერებს კიდევ ერთ რუსულ საინფორმაციო ოპერაციას, რომელიც პუტინს ქრისტიანული სარწმუნოების „ნამდვილ მფარველად“ წარმოაჩენს.