უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 3 სამეთაურო პუნქტსა და საბრძოლო მასალის რამდენიმე საცავს დაარტყეს. მათივე ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, 20 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის ზონებს, ასევე 5 დარტყმა განახორციელეს რუსული ძალების საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე.
დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, საომარი მოქმედებების შედეგად ქალაქ ბახმუტის 60 პროცენტზე მეტი განადგურდა. კირილენკოს თქმით, რუსული ძალები ბახმუტს მუდმივად ბომბავენ, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელი დამცველები ქალაქს იცავენ და მოწინააღმდეგეს წინსვლის საშუალებას არ აძლევენ.
დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი ფრონტის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი სექტორია. უკვე რამდენიმე თვეა, უკრაინული ძალები ქალაქს იცავენ და მოწინააღმდეგეს მისი აღების საშუალებას არ აძლევენ.