უკრაინა და ევროკავშირი კიევში, 3 თებერვალს სამიტს გამართავენ, რომელზეც უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი იუწყება.
მაღალი დონის შეხვედრის დეტალები ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, წელს გამართული პირველი სატელეფონო საუბრისას განიხილა.
„მხარეებმა განიხილეს უკრაინა-ევროკავშირის შემდეგი სამიტის მოსალოდნელი შედეგები, რომელიც 3 თებერვალს, კიევში გაიმართება“, - აღნიშნავს ზელენსკის ოფისი.
მედიის ცნობით, ევროკავშირს სამიტზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წარმოადგენენ და არა ევროგაერთიანების წევრი ქვეყნების ლიდერები.