4 იანვარს საქართველოს ყველა დიდ ქალაქში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება.
თბილისში კი, მოქალაქეები მშვიდობის ხიდზე შეიკრიბებიან. აქციები 18:00 საათზე დაიწყება.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აღნიშნავს, ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა ურთიერთგამომრიცხავია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მოქალაქე, განურჩევლად პარტიული, პოლიტიკური მრწამსისა, მიიღებს მონაწილეობას სოლიდარობის აქციაში. აქ იქნებიან ადამიანები, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა, რამეთუ ისინი აცნობიერებენ, რომ ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობა არის ურთიერთგამომრიცხავი. ამიტომ, ყველას გელოდებით,საქართველოს ყველა დიდ ქალაქში და თბილისში - მშვიდობის ხიდზე, 18:00 საათზე”, - აღნიშნავს მელია.
ამასთან, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მხარდამჭერებთან ერთად დღეს, 18:00 საათზე აქციებს გამართავს თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან.