დღეიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მცირდება, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „მოქალაქეების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ფიქსირებული 26%-ით განისაზღვრება.
„სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი ფიქსირებული 26%-ით განისაზღვრება, რაც იმას ნიშნავს რომ „ლიბერთი ბანკი“ კაბალურ 43% და 36%-ში სესხის გაცემას ვეღარ შეძლებს. (საპენსიო სესხის პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება).
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სიღრმისეული მუშაობა, აგრეთვე მსჯელობა მიზნობრივ, შემხებლობაში მყოფ ჯგუფებთან. იმის მიზეზებზე სამსჯელოდ, თუ რატომ იხდიდა ყველაზე დაუცველი ფენა - პენსიონერები ყველაზე მაღალ პროცენტს და რა გამოსავლის პოვნა იყო შესაძლებელი, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ინიციატივით არაერთი შეხვედრა შედგა, მათ შორის, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით განხილვა გაიმართა.
პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის წევრების ლევან იოსელიანის, ალექსანდრე ელისაშვილის და ირაკლი ზარქუას შემადგენლობით, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიზნით, პარლამენტში ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
პარტია „მოქალაქეების“ მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, უწყებათაშორის კომისია შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც პარტია „მოქალაქეები“ აქტიურად იყო ჩართული და რომლის ამოცანაც პენსიების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი ანალიზი იყო.
კომისიის მუშაობის ფარგლებში, ექსპერტების, პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საბანკო/საკრედიტო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, შემუშავდა ახალი საკონკურსო პირობები, რომლის საფუძველზეც პენსიონრისთვის სესხის/კრედიტის გაცემისას სესხის საპროცენტო განაკვეთის ადამიანური პროცენტი გარანტირებული იქნება.
საქართველოს პარლამენტში, პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ შემოსვლის შემდგომ, ჩვენი ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ახალი საკონკურსო პირობების ისეთი ფორმით ჩამოყალიბებაზე შეთანხმება, სადაც დაწესებული იქნება გარკვეული ლიმიტი, რომლის საფუძველზეც პენსიონერებზე სესხის გაცემა ისეთ პროცენტში მოხდება, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო არ დაამძიმებს,“ - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.