საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალებში სამხედრო ბაზებზე 2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.
უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა დასავლეთის სარდლობის სამხედრო ბაზები მოინახულა და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. თავდაცვის ძალების მეთაურმა ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილი, სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონი, მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზა და მე-6 საარტილერიო ბრიგადა მოინახულა.
გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა მეთაურებისგან მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში და 2023 წლის გეგმები მოისმინა.
„თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე კაპიტალური რემონტი ყაზარმებს, სპორტულ დარბაზებს, ავტოპარკს და სასადილოებს ჩაუტარდა. დასრულდა ბაზებზე არსებული შენობების, სასაწყობე და დამხმარე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია, სველი წერტილების რემონტი, შემოღობვისა და გარე განათების აღდგენა, შიდა გზების მოწესრიგება.
სამხედრო ბაზები თავდაცვის ძალების მეთაურმა, მის მოადგილესთან გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან, დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან და ლოჯისტიკის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კახა ტაბატაძესათან ერთად მოინახულა,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.