ისრაელის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნათანიაჰუს ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ამის შესახებ Times of Israel-ი იუწყება.
„მთავრობისადმი ნდობა დაადასტურა კოალიციის 64 წევრიდან 63-მა, რომელიც 120-მანდატიან ქნესეთში უმრავლესობას წარმოადგენს“ , - წერს გამოცემა.
გამოცემის ინფორმაციით, ნათანიაჰუმ უკვე დადო ფიცი და ოფიციალურად გახდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი.
ნათანიაჰუ უკვე იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრი 1996-1999 და 2009-2021 წლებში. მისმა წინამორბედმა იაირ ლიპიდმა ქნესეთის სხდომა ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრთან ხელის ჩამორთმევის გარეშე დატოვა.
1-ელ ნოემბერს, 25-ე მოწვევის ქნესეთის ვადამდელი არჩევნების შედეგად, პარტიამ "ლიქუდი", რომელსაც 73 წლის ნათანიაჰუ ხელმძღვანელობდა, პირველი ადგილი დაიკავა. ეს არჩევნები ზედიზედ მეხუთე იყო სამნახევარი წლის განმავლობაში.