ომი უკრაინაში მოცემულ მომენტში ჩიხში შევიდა, რადგან არც უკრაინას და არც რუსეთს არ შეუძლიათ ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განმარტებით, სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე კიევი დასავლელი პარტნიორებისგან მეტად თანამედროვე იარაღს ელის.
„ვითარება უბრალოდ ერთ ადგილას გაიჭედა, ის არ იძვრის“,- განაცხადა ბუდანოვმა.
მისივე განმარტებით, რუსეთი ჩიხში შევიდა, რადგან მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა. დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ კრემლმა კიდევ ერთი მობილიზაციის გამოცხადება გადაწყვიტა.
რაც შეეხება უკრაინას, ბუდანოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კვლავაც არ ჰყოფნით რესურსები, რათა ბევრ ოლქში წინ წაწევა შეძლონ.
„ჩვენ არ შეგვიძლია გამარჯვება ყველა მიმართულებით კომპლექსურად და ეს არც მათ შეუძლიათ, მოუთმენლად ველით თანამედროვე იარაღის ახალი ნაკადის შემოსვლას ქვეყანაში“,- განაცხადა ბუდანოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ კიევსა და ჩრდილოეთის რაიონებში ბელარუსიდან შეჭრის ვერავითარ ნიშნებს ვერ ხედავს, და ბელარუსში რუსი სამხედროების მანევრები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ უკრაინელი სამხედროების ყურადღება სამხრეთის რაიონებიდან და დონბასიდან სწორედ ჩრდილოეთით გადაიტანონ.