ბრიტანელი მუსიკოსი, რომელმაც „გრემის“ ორი პრემია დაიმსახურა და 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაყიდა საკუთარი ჩანაწერები, სამართლიანად ითვლება თანამედროვე პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად, რადგან მისი შემოქმედება ყოველთვის დახვეწილი სტილითა და გემოვნებით, პირადი ცხოვრება კი, ეპატაჟითა და სკანდალებით გამოირჩეოდა.
პირველი მუსიკალური გამოცდილება იორგოს კირიაკოს პანაიოტუმ, რომელმაც კვიპროსიდან ემიგრირებული მამის წყალობით მიიღო ბერძნული სახელი, ბავშვობაში შეიძინა, როცა ვიოლინოზე დაკვრა აიძულეს. იორგოსს საშინლად არ მოეწონა ახალი ინსტრუმენტი, რადგან ერთის მხრივ, ხემის მარცხენა ხელში დაჭრა გაუჭირდა, მეორეს მხრივ, აბსოლუტურად სხვა სტილის მუსიკა იზიდავდა, რომლის აბსოლუტურად არ ერგებოდა ვიოლინოს ჟღერადობას.
მართალია, პროფესიონალური კარიერა მაიკლმა 1981 წელს დაიწყო, როცა სკოლის მეგობართან ენდრიუ რიჯლისთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი The Executives, მაგრამ წამოწყებამ არ გაამართლა. მოგვიანებით, მეგობრებმა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს შესაძლებლობების მოსინჯვა და დუეტი Wham! შექმნეს, რომელმაც ხუთი წელი იარსება და პოპულარობასთან ერთად კომერციული წარმატებაც მოიპოვა, თუმცა 1986 წელს, ბევრად სერიოზული მუსიკის კეთების სურვილით, მაიკლმა დუეტი დატოვა და ოფიციალურად განაცხადა სოლო კარიერის დაწყების შესახებ.
სხვათა შორის, დუეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია Careless Whisper, მაიკლმა ბევრად ადრე შექმნა, როცა 17 წლისა სუპერმარკეტში მუშაობდა და სალაროსთან უწევდა კლიენტების მომსახურება, საქსოფონის პარტია კი, გვიან ღამით მოიფიქრა სახლისკენ მიმავალმა.
1987 წელს გამოსული პირველი სოლო ალბომი Faith, რომელშიც მუსიკოსმა „რწმენა, მუსიკა, ფინანსები და სიყვარული გააერთიანა“, 16 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა და ჟურნალ Billboard-ის შეფასებით წლის ყველაზე გაყიდვად ალბომად იქცა. ძვირფასი აღმოჩნდა სადებიუტო ნამუშევარი თავად მაიკლისთვისაც, რადგან მთელი ცხოვრება ინახავდა იღბლიან ჯინსის შარვალს, რომლითაც ალბომის მხარდასაჭერ ტურნეში იმოგზაურა.
1990 წელს მუსიკოსმა მეორე ალბომი Listen Without Prejudice, Vol. 1 გამოუშვა, რომელშიც ჰიტები Freedom! '90 და Praying for Time შევიდა, თუმცა პირველისგან განსხვავებით ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა. საკუთარ მარცხში მუსიკოსმა რეკორდ-ლეიბლი Sony დაადანაშაულა, რადგან მისი აზრით, სწორედ კომპანიამ დაზოგა ფინანსები ალბომის რეკლამაზე. მართალია, სასამართლო დავა Sony-ის გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ არც მაიკლმა დაიხია უკან და პროტესტის ნიშნად უარი თქვა ახალი ალბომების გამოშვებაზე კომპანიასთან კონტრაქტის ამოწურვამდე.
მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნება მაიკლმა 1996 წელს, მესამე ალბომის Older გამოშვებით აღნიშნა. ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზა კი, სინგლის Too Funky გამოშვებით და ელტონ ჯონთან დუეტში ჩაწერილი კომპოზიციით Don’t Let The Sun Go Down On Me შეავსო, მოგვიანებით კი, ფრედი მერკურის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.
სხვათა შორის, მერკურის გარდაცვალების შემდეგ, სწორედ მაიკლის მიწვევა სურდათ Queen-ის წევრებს მის შემცვლელად, თუმცა რამდენიმე საცდელი ჩანაწერის შემდეგ ორივე მხარემ უარი თქვა თანამშრომლობაზე.
მართალია, მუსიკოსმა მხოლოდ 2007 წელს აღიარა საჯაროდ ჰომოსექსუალურობა, მაგრამ სკანდალი, როცა პოლიციამ ბევერლი-ჰილზის საზოგადოებრივ საპირფარეშოში დააკავა „უზნეო ქცევისა და ახალგაზრდა მამაკაცზე სექსუალური ძალადობისთვის“, ბევრად ადრე, 1998 წელს მოხდა, რასაც პროვოკაციული ვიდეოს შექმნა მოჰყვა კომპოზიციაზე Outside. მუსიკოსის განცხადებით საკუთარ ორიენტაციას დედის პატივისცემით მალავდა, რომლისთვისაც მსგავსი აღიარება ნამდვილი შოკი იქნებოდა.
არასასიამოვნო ინციდენტი შეემთხვა მუსიკოსს 2010 წელსაც, როცა პოლიციამ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის, ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავა და სოლიდურ ჯარიმასთან ერთად პატიმრობაც მიუსაჯა. მაიკლმა გულწრფელად აღიარა კანონდარღვევა და მორჩილად მოიხადა 4-კვირიანი პატიმრობა ლონდონის ციხეში.
2011 წელს მასშტაბური ტურნეს Symphonica Tour-ის დროს მუსიკოსი პნევმონიით გახდა ავად. მართალია, მაიკლი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ მისი მდგომარეობა მაინც ძალიან დამძიმდა. მეტიც, ექიმები ეჭვობდნენ, რომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გამო, რომელიც მკურნალობისას გამოიყენებოდა, მუსიკოსი სამუდამოდ დაკარგავდა ხმას. თუმცა, მაიკლმა ყველა სირთულე დაძლია და სრულად გამოჯანმრთელებული 2012 წელს ლონდონში, ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე წარსდგა პუბლიკის წინაშე, მოგვიანებით კი, შეწყვეტილი ტურნე გააგრძელა.
მუსიკოსი 2016 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა გულის უკმარისობით. მედიკოსების დასკვნით 53 წლის მუსიკოსის ჯანმრთელობის გაუარესების და გულის ქრონიკული დაავადების მიზეზი სწორედ რამდენიმე წლით ადრე გადატანილი პნევმონია გახდა.
ჯორჯ მაიკლმა არა მხოლოდ საკუთარი შემოქმედებით მოიპოვა მილიონობით მელომანის სიყვარული, არამედ ქველმოქმედებითაც დაიმსახურა მადლიერი ადამიანების პატივისცემა, რადგან რამდენიმე ფონდს მეურვეობდა ერთდროულად, თუმცა არასდროს აფიშირებდა საკუთარ საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ ფინანსურ დახმარებასთან ერთად, რომელსაც დღესაც სისტემატურად ღებულობენ მაიკლის ფონდები, მუსიკოსმა საკუთარი შემოქმედებითი გამოცდილებაც დატოვა მემკვიდრეობად, რომელსაც აქტიურად იყენებენ მუსიკალური სასწავლებლები. მეტიც, მაიკლის ვოკალი კლასიკურთანაა გათანაბრებული, რაც უნიკალური შემთხვევაა პოპ-მუსიკის ისტორიაში.