კეთილმა თეთრწვერა მოხუცმა, რომელმაც უძველესი ზღაპრებიდან და თქმულებებიდან რეალობაში გადმოინაცვლა, ბავშვებთან ერთად უფროსებიც დაარწმუნა საკუთარ სასწაულმოქმედებაში, რადგან დღეს ყველას ერთნაირად სჯერა, რომ სწორედ მისი წყალობით სრულდება დიდი ხნის ნანატრი სურვილები ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს.
რა თქმა უნდა, რთულია დაჯერება, თუმცა სანტა-კლაუსი მართლაც რეალური ადამიანია. არსებობს მისი წარმოშობის რამდენიმე ვერსია, ერთ-ერთი თანახმად კი, სანტას სამშობლო არა ლაპლანდია, არამედ უძველესი ქალაქი მირაა ლიკიის რეგიონში თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. პირველად სანტა 253 წელს მოიხსენიეს ჩვენს ერამდე, თუმცა მაშინ ის ბერძენი ეპისკოპოსი წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი იყო, რომელიც ღრმად მორწმუნე, საოცრად კეთილ, ხელგაშლილ ადამიანად ხასიათდებოდა და განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა, რადგან ყოველთვის საკუთარი დანაზოგით ეხმარებოდა ღარიბ ოჯახებს.
თანამედროვე სახელი სანტამ მე-13 საუკუნეში შეიძინა გერმანული Sint Nikolaas-ის უფრო სწორედ კი, Sinterklaas-ის აბრევიატურის წყალობით, თუმცა კეთილი გული და ხელგაშლილობა წინამორბედის მსგავსად შეინარჩუნა. სინტერკლაასი ძველებურად ეხმარებოდა ღატაკებს, მზითევს უგროვებდა ახალგაზრდა ქალებს შეძლებული საქმროების მოსაძიებლად და ტკბილეულით უმასპინძლდებოდა ბავშვებს.
სწორედ გერმანელი სანტა-კლაუსის წყალობით გაჩნდა 6 დეკემბერს - მისი სახელობის დღეს ბავშვებისთვის საჩუქრების ჩუქების ტრადიცია, რომელმაც მოგვიანებით კათოლიკური შობის - 25 დეკემბრისკენ გადაიწია. ისტორიული მონაცემების თანახმად მსგავსი ცვლილება კალენდარში გერმანელმა მღვდელმა, თეოლოგისა და ეკლესიის რეფორმატორმა მარტინ ლუთერმა შეიტანა, რომელიც სწორედ ასე ცდილობდა ქრისტიანულ ფასეულობებზე გერმანელთა ყურადღების გამახვილებას.
სანტა-კლაუსის კიდევ ერთ წინაპრად ითვლება შობის მოხუცი მამა, რომლის ილუსტრაციები ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის ბრიტანეთში იქნა მოძიებული. მწვანე ან ალისფერ ბეწვიან ქურთუკში გამოწყობილი მოხუცი, რომელიც სიკეთეს, სიხარულს და მშვიდობას განასახიერებდა, ყოველთვის მდიდრულ სადღესასწაულო ნადიმს მართავდა გემრიელი კერძებითა და საუკეთესო ღვინით. სწორედ ბრიტანელი შობის მამისა და რელიგიურ-ფოლკლორული თქმულებების მთავარი გმირის - გულუხვი წმინდა ნიკოლოზის გაერთიანებით წარმოიშვა ზღაპრული პერსონაჟი სანტა-კლაუსი.
საკუთარი სანტა ჰყავდათ მე-17 საუკუნის ჰოლანდიაშიც, რომელიც წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის პროტოტიპად შეიქმნა, მის მთავარ მისიას კი, შობის წინ საჩუქრების დარიგება წარმოადგენდა. სხვათა შორის, ჰოლანდიელი სანტა დღესაც ეპისკოპოსის სამოსშია გამოწყობილი, ხელში კი, სანის შესაბამისი კვერთხი უჭირავს.
არსებობს ვერსია, თითქოს სწორედ მე-18 საუკუნის დასაწყისში ამერიკაში გადასახლებულმა ჰოლანდიელებმა გააცნეს ადგილობრივებს ნიკოლოზ სასწაულმოქმედი, როცა ქალაქი - ახალი ამსტერდამი დააარსეს, წმინდანი კი, საკუთარ მფარველად აქციეს.
დღეს უკვე ჩვეული, ყველასთვის კარგად ნაცნობი სანტას სახე მე-19 საუკუნეში შეიქმნა, როცა ამერიკელმა მწერალმა ვაშინგტონ ირივინგმა „ნიუ-იორკის ისტორიაში“ მოუთხრო მკითხველს თეთრწვერა კლაუსზე, კლემენტ კლარკ მურმა კი, 1823 წელს ჯერ ლექსი „მოხუცი სინტერ კლაუსი“, მერე პოემა „წმინდა ნიკოლოზის ვიზიტი“ გამოაქვეყნა ჩასუქებულ გულუხვ მოხუცზე, რომელიც კვამლსადენით ძვრებოდა ღარიბი ოჯახების სახლებში, საჩუქრებით ავსებდა საშობაო წინდებს და ისევე მოულოდნელად ქრებოდა, როგორც ჩნდებოდა.
სავარაუდოდ, სწორედ მურმა მოუნიშნა სანტას მარშრუტი, როცა კვამლსადენიდან აიძულა სახლში ჩაძრომა, თუმცა „ბოროტი ენები“ იმასაც ამტკიცებენ, რომ ირმებშებმულ მარხილს, რომლის გზაზე გაჩერება არ შეიძლებოდა, ჩრდილოეთიდან მოფრენილმა სანტამ სწორედ სახურავზე მოუძებნა ადგილი.
უთანხმოება გამოიწვიეს სანტას ირმებმაც, რომელთაც ტრადიციულად მამაკაცის სახელებით მოიხსენიებენ. სკეპტიკოსების განცხადებით, მამრობითი სქესის ირმები ზამთარში რქებს ყრიან, თუმცა სანტას მომხრეები ირწმუნებიან, რომ სასწაულმოქმედი მოხუცი ირმების ბედსაც თვითონ წყვეტს და სწორედ მასზეა დამოკიდებული რქების მოცვლის სეზონიც. აღსანიშნავია, რომ რუდოლფი - სანტას ყველაზე ცნობილი ირემი, რომელიც ღამის წყვდიადში წითლად მანათობელი ცხვირით გამოირჩევა, სრულიად შემთხვევით, ქარბუქის შემდეგ შეუერთდა დანარჩენებს, როცა უძლიერესი შტორმის წყალობით სწორედ კლაუსის ეზოში ამოყო თავი.
საინტერესო ლეგენდა არსებობს საშობაო წინდაზეც. უძველესი თქმულების თანახმად, წინდები ბუხარზე პირველად სამმა გერმანელმა დამ დაკიდა, რომლებიც მშობლების მომჭირნეობის გამო ვერც მზითევს აგროვებდნენ, ვერც გათხოვებას ახერხებდნენ და სწორედ წინდების ქსოვით ცდილობდნენ ფულის შეგროვებას. რამდენიმე წყვილი წინდა დებმა საშობაო ბაზარზე გასაყიდადაც მოქსოვეს, თუმცა მანამდე გარეცხილი დაკიდეს ბუხართან გასაშრობად. როგორც ჩანს, უიღბლო დების ამბავი წმინდა ნიკოლოზმაც კარგად იცოდა, რადგან სწორედ მათ ესტუმრა გვიან ღამით, როცა ყველას ეძინა და სწორედ წინდებში ჩაუყარა ოქროს მონეტები.
სანტას პირველი ილუსტრაცია 1863 წელს გამოქვეყნდა ამერიკელი კარიკატურისტის ტომას ნასტის შესრულებით, რომელმაც Harper's Weekly-ის იანვრის გამოცემაში დახატა კლაუსის პირველი პორტრეტი - ჭრელ პალტოსა და ფართო შარვალში გამოწყობილი ჩაპუტკუნებული მოხუცი ჭაღარა წვერით, რომელსაც მასურ ბალთიანი ქამარი და აუცილებლად სათვალე ამშვენებდა მილიონობით წერილის წასაკითხად. ხელგაშლილი სანტა ნახატზეც საჩუქრებით გავსებულ ტომარას ისწორებდა მხარზე და მხიარულად იცინოდა.
თუმცა, ათწლეულების მანძილზე სანტას გარდერობი მრავალგზის შეიცვალა და კეთილმა მოხუცმაც უამრავი ფერისა და მოდელის სამოსი მოირგო მისი შემქმნელების გემოვნების მიხედვით. კლაუსის თანამედროვე „იმიჯი“ მე-19 საუკუნის ბოლოს განისაზღვრა, როცა მხატვარმა ლუის პრენგმა 1885 წელს შექმნილი ღია ბარათების სერიაში მოარგო სანტას წითელი ქურქი, 1931 წელს კი, ილუსტრატორმა ჰადონ სანდბლომმა Coca-Cola-ს სარეკლამო პოსტერების მზადებისას საბოლოოდ დაამკვიდრა მისი სტილი და სწორედ გაზიანი სასმელის წყალობით გაავრცელა მთელ მსოფლიოში.
მწირია ინფორმაცია მისის კლაუსზე, რომელიც პირველად მე-19 საუკუნეში გამოჩნდა სანტას ცხოვრებაში. მართალია, ბევრი საერთოდ არ აღიარებს მის არსებობას, მაგრამ ბევრი პირიქით, სწორედ ქალბატონ სანტას თვლის მეუღლის საქმეების მმართველად, რადგან როგორც აღმოჩნდა, სწორედ ის უძღვება დამჯერი და ურჩი ბავშვების ნუსხას, რომლითაც სანტა მოგვიანებით ურიგებს საჩუქრებს.
მართალია, ამერიკის სამ შტატში - ჯორჯიაში, არიზონასა და ინდიანაში ქალაქებმა სანტა-კლაუსის პატივსაცემად შეიძინეს სახელი, მაგრამ მის სამშობლოდ მაინც ჩრდილოეთ პოლუსი ითვლება, სადაც პატარა მყუდრო სახლში დაბინავებული მთელი წელი ელფებთან ერთად ირჯება და საჩუქრებს ამზადებს ბავშვებისთვის.
კეთილ მოხუცს, რომელიც ხალისიანი განწყობისა და საახალწლო საოცრებების მთავარ სიმბოლოდ ითვლება, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში თავისი სახელი აქვს. მაგალითად, ჰოლანდიასა და ბელგიაში სინტერკლაასი ან დე კერსტმანი ჰქვია, რაც „შობის ადამიანს“ ნიშნავს, საფრანგეთში კი, პერ ნოელს ანუ თოვლის ბაბუს უწოდებენ.
სხვათა შორის, ჰოლანდიელთა დიდი ნაწილი ისევ სინტერკლაასის დღეს - 6 დეკემბერს არიგებს საჩუქრებს, რადგან შობას მოსახლეობის მცირე ნაწილი აღნიშნავს, ბელგიაში კი, 6 დეკემბერს მხოლოდ ბავშვებს უმზადებენ სიურპრიზებს, უფროსები კი, შობის დღესასწაულს ულოცავენ ერთმანეთს საჩუქრებით.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში პერ ნოელი მთელი ამალით მოგზაურობს, რადგან ფრანგულენოვან რეგიონებში კომპანიონობას მამა ფუეტგარი უწევს, შვეიცარულ-გერმანულ დასახლებებში კი, მის თანაშემწედ შმუცლი ითვლება, რომელიც უზარმაზარი ცოცხით დასდევს ურჩ ბავშვებს.
სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში სანტა-კლაუსის კოსტიუმში გამოწყობის ტრადიცია 1890 წელს გაჩნდა ბოსტონში, როცა ადგილობრივმა ბიზნესმენმა ჯეიმს ედგარმა სწორედ ამგვარი მეთოდით გადაწყვიტა კლიენტების საკუთარ მაღაზიაში მიზიდვა. იდეამ გაამართლა, რადგან უამრავმა ბავშვმა აიძულა მშობელს მაღაზიაში შესვლა, რათა ნამდვილი სანტასგან მიეღო საჩუქარი. ედგარის გამოგონებამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და მალე მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა ტრადიციად.