იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მარკო ვერატიმ პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. 30 წლის ფეხბურთელის უწინდელ ხელშეკრულებას, რომელიც ფრანგულ კლუბში 2012 წლიდან გამოდის, ვადა 2024 წლამდე ჰქონდა.
"ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი გავახანგრძლივე. პარიზში ათ წელზე მეტი ხნის წინ ჩამოვედი და მას ჩემს მეორე სახლად მივიჩნევ. ამ კლუბისგან და გულშემატკივრებისგან უდიდეს მხარდაჭერას კარიერის დასაწყისიდანვე ვგრძნობდი და ამისთვის მადლობელი ვარ. ჩემთვის ნათელი იყო, რომ ჩემი ისტორია აქ უნდა დაწერილიყო. იმედი მაქვს, რომ ამ კლუბში კიდევ ბევრ ტიტულს მოვიგებ", - განაცხადა ვერატიმ.
მარკო ვერატი, რომელიც იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის 2020 წლის ჩემპიონია, პსჟ-ში პესკარადან 2012 წელს გადავიდა და 8-ჯერ საფრანგეთის ჩემპიონი, ექვს-ექვსჯერ საფრანგეთის ლიგის თასისა და საფრანგეთის თასის მფლობელი, კიდევ 9-ჯერ კი საფრანგეთის სუპერთასის მფლობელი გახდა.
მიმდინარე სეზონში ვერატიმ ყველა ტურნირში პარიზული კლუბის მაისურით 20 მატჩში ითამაშა და 1 საგოლე პასი მიითვალა.